ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც ქვეყნის მთავრობაც გადადგა.
გადაწყვეტილება პოლიტიკური კრიზისისა და მმართველი კოალიციის დაშლის ფონზე მიიღეს.
„ამ მომენტში პოლიტიკური შური და ვიწრო პარტიული ინტერესები პასუხისმგებლობაზე მაღლა დადგა. დაინახეს რა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ძლიერი კანდიდატი [პოლკოვნიკი რაივის მელნისი], პოლიტიკურმა მოლაყბეებმა სამთავრობო კრიზისის გზა აირჩიეს“, – აღნიშნა მან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სილინიას მთავრობამ პარლამენტში მხარდაჭერა დაკარგა, რაც ბოლო კვირებში გაძლიერებულ შიდა დაპირისპირებას უკავშირდება.
ამ ეტაპზე, მინისტრთა კაბინეტი მოვალეობის შესრულებას ახალი კაბინეტის ფორმირებამდე განაგრძობს.
პოლიტიკური კონსულტაციები ახალი მთავრობის ფორმირების მიზნით უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, დაძაბულობა ლატვიის მთავრობაში გასულ უქმეებზე დაიწყო, როდესაც თანამდებობა თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა, პარტია „პროგრესულებიდან“, დატოვა. სილინიამ მაშინ განაცხადა, რომ ლატვიის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის ინციდენტებთან დაკავშირებით სპრუდსმა მისი და საზოგადოების ნდობა დაკარგა.