რა მდგომარეობაა თბილისში ქვეწარმავლების გავრცელების კუთხით, რომელ უბნებში გვხვდება გიურზა და როგორ უნდა მოვიქცეთ მისი დანახვისას – ჰერპეტოლოგის რჩევები

რა ვითარებაა თბილისში ქვეწარმავლების გავრცელების კუთხით და არის თუ არა  სიტუაცია გაუარესებული. ამ და სხვა თემებზე “კვირასთან” ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამ სეზონზე თბილისში ქვეწარმავლების გავრცელების მხრივ საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

ქვეწარმავლების აქტივობა დაახლოებით აპრილის დასაწყისიდან უკვე შეიმჩნეოდა. თუმცა აქტივობა პერიოდულად წყდებოდა. მოგეხსენებათ, გველების აქტივობა ამინდზეა დამოკიდებული. როცა ამინდი ფუჭდებოდა, ტემპერატურა ეცემოდა –  გველის აქტივობაც ჩერდებოდა. დღესდღეობით, იგივე სიტუაცია გვაქვს, ანუ, ამინდების არევასთან ერთად გველების აქტივობა ისევ მცირდება. თუმცა გამოჩენაც უკვე ძალიან ხშირია. თბილისშიც იგივე სიტუაციაა რაც წინა წლებში, რაიმე რადიკალური ცვლილება არ არის.

ძირითადად გვხვდებიან გარე დასახლებებში, გარეუბნებში. განსხვავებული ვითარება არ გვაქვს.

გიურზას გავრცელების არეალი იწყება საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან, კახეთის რეგიონის სამხრეთი ნაწილიდან თბილისამდე და თბილისიდან სამშვილდემდე და მთელი სამხრეთი ნაწილი გარდაბანი, მარნეული, რუსთავი და ა.შ.

თბილისის სამხრეთ ნაწილშიც გვხვდება გიურზა. უბნების მიხედვით თუ დავაკვირდებით: ლილო, აეროპორტის დასახლება,აფრიკა, ორთაჭალა, კრწანისი – ამ მიდამოების ირგვლივ გვხვდება გიურზა. იშვიათ შემთხვევებში დასახლებულ პუნქტებში გვხვდება ხოლმე. დაკბენები გვხვდება ხოლმე საქართველოში, თუმცა ძალიან იშვიათად. მაგრამ რაც ყველაზე კარგია, წლებია უკვე სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა გიურზას ნაკბენისგან, ვინაიდან მკურნალობის საშუალება საქართველოში არის, პლუს იმდენად სწრაფად მოქმედი შხამი არ არის რომ ადამიანმა მკურნალობა ვერ მოასწროს.
თუ გიურზა ახლოს ვნახეთ, პირველ რიგში მისი მიმართულებით არ უნდა წავიდეთ, არ უნდა ვეცადოთ მის დაჭერას, მოკვლას, რადგან ასეთ დროს ხდება ძირითადად დაკბენები. თუ ეს თბილისში დასახლებულ ტერიტორიაზეა მაშინ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უნდა გამოიძახონ და ისინი მოახდენენ მის დაჭერას და გაყვანას. საქართველოს სხვა რეგიონებში მსგავსი მომსახურება არ არის. ამიტომ უნდა გავეცალოთ მას და მოკვლა არ დავუპიროთ, რომ დაკბენა არ მოხდეს.

რაც შეეხება პრევენციულ ზომებს – ეს არის ტერიტორიის მოვლა. ეზო არ უნდა იყოს დაბინძურებული სამშენებლო მასალებით, სხვადასხვა ნივთებით, თუნდაც როგორიცაა შეშის გროვები, ბალახი და ა.შ. უნდა ვებრძოლოთ მავნებლებს როგორიცაა თაგვი, ვირთხა.

ყველა სეზონი გველისთვის აქტიურია, სადაც სითბოა, თუმცა ასეთია მაისი, ზაფხულის ყველა თვე. დროის მონაკვეთები იცვლება უფრო დილის და საღამოს საათები, რადგან შუადღეს ძალიან ცხელა. და შემოდგომაზე უფრო შუადღესაა აქტიური. გიურზას შემთხვევაში ივლისი, აგვისტო, სექტემბერი ძირითადად საღამოს, ღამე და დილის საათებია აქტივობის პერიოდი”,- განაცხადა შოთა ზანდუკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები