თეა წულუკიანმა სოფელ უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის ადგილი მოინახულა

იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 8 მაისს საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს ეწვია და ის ადგილი მოინახულა, სადაც უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაიწყება. იუსტიციის მინისტრმა სოფელი უდაბნო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბართან ერთად დაათვალიერა. უდაბნოში იმყოფებოდნენ, ასევე, მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე.

უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი სპეციალურად პატარა სოფლების საჭიროებებზე მორგებული პროექტია, რომელიც არქიტექტურული ფორმით განსხვავდება სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისგან. პროექტი იმ დასახლებებისთვის შეიქმნა, რომელთა მოსახლეობა 600 ადამიანს არ აღემატება. მისი ავტორი არქიტექტორი მიხეილ გიორგობიანია. სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისაგან უდაბნოს საზოგადოებრივ ცენტრს მხოლოდ ფართი და ვიზუალური მხარე განასხვავებს; მომსახურების სტანდარტი და მაღალი ხარისხი აქ ისეთივე იქნება, როგორიც იუსტიციის სახლებსა და დიდ საზოგადოებრივ ცენტრებშია. ამ ეტაპზე პროექტის ექსპერტიზა მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი მშენებელი კომპანიის შესარჩევად.

უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი სოფელში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში დაეხმარება, 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის  სერვისზე წვდომას გაუმარტივებს და სწრაფ, კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს.  უდაბნოსა და მისი მახლობელი სოფლის მცხოვრებთ პირადობის ან დაბადების მოწმობის, მიწის რეგისტრაციის, საბანკო და სხვა სერვისების მისაღებად საგარეჯოში ჩასვლა აღარ მოუწევთ.

საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა უდაბნოში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა. სოფელი სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარეობს, ეთნიკური უმცირესობებითა და ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ტურისტულად აქტიურ ზონას წარმოადგენს. იგი უშუალოდ ესაზღვრება სამონასტრო კომპლექს დავითგარეჯს.

საზოგადოებრივი ცენტრის მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული მუნიციპალური ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.

საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები