საპარლამენტო დელეგაციამ რუმინეთის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის საპარლამენტო დელეგაციამ ბუქარესტში შეხვედრები დაასრულა.

ვიზიტის ბოლო დღეს, ქართველი კანონმდებლები რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, მონიკა გეორგიტას და ტურიზმის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, კრისტინა იონელა ტარტეატას შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნისთვის საერთო მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობა აღნიშნა. მანვე ევროინტეგრაციის პროცესში, რუმინეთის მხრიდან საქართველოს აქტიურ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა რუმინეთს მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა მიმდინარე წლის 25 აპრილს, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე „High level meeting on peacebuilding and sustaining peace“, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე მსჯელობისას, რუმინეთის სახელმწიფო მდივნის, დან ნიკოლასკუს მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადების მნიშვნელობა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის დღის წესრიგი და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

ტურიზმის სამინისტროში შეხვედრა ორ ქვეყენას შორის ტურისტული მიმოსვლის გააქტიურებისა და ტურიზმის განვითარების შესახებ მსჯელობას დაეთმო. რუმინეთის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოითქვა სრული მზადყოფნა რუმინეთში საქართველოს პოპულარიზაციასთან მიმართებაში და საქართველოსტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე, რათა ერთობლივად ორმხრივად სასარგებლო პროექტები განხორციელდეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ეკოტურიზმის მიმართულებით.

საპარლამენტო დელეგაციამ ვიზიტი რუმინეთის საპატრიარქოს, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ტაძრისა და ანთიმოზ ივერიელის სახელობის საჯარო სკოლის მონახულებით დაასრულა.

ბუქარესტში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები: გიორგი მოსიძე, პაატა მხეიძე, კობა ლურსმანაშვილი და მამუკა ჩიქოვანი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები