პრემიერი დროებით GAZPROM-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და ვიცეპრემიერი კარენ კარაპეტიანი იქნება

სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა უკვე გაიმართა, მას ქვეყნის ვიცეპრემიერმა კარენ კარაპეტიანმა უხელმძღვანელა. კანონმდებლობის მიხედვით, პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით ვიცეპრემიერი შეასრულებს.

სერჟ სარგსიანმა სომხეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. მან თანამოქალაქეებს განცხადებით მიმართა და თქვა, რომ ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც 22 აპრილს დემონსტრაციების დროს დააკავეს და დღეს, სარგსიანის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გაათავისუფლეს, მართალი იყო, თავად კი ცდებოდა.

კარენ კარაპეტიანის ბიოგრაფია მთავრობის ვებგვერდის მიხედვით ასეთია: 1996 – 1998 სახელმწიფო ენერგოკომპანია არმენერგოს დირექტორის მოადგილე, 1998 – 2001 არმენერგოს დირექტორი, 2001 – 2010 არმროსგაზპრომის თავმჯდომარე, 2010 – 2011 ერევნის მერი, 2011 – 2016 გაზპრომბანკის ვიცეპრეზიდენტი, 2016-2018 სომხეთის პრემიერმინისტრი, 2018 წლის 18 აპრილიდან პირველი ვიცეპრემიერი.

კარენ კარაპეტიანის ძმა სამველ კარაპეტიანი Forbes-ის ინფორმაციით, მსოფლიოს 606-ე უმდიდრესი მოქალაქეა, მისი ქონება $3.8 მილიარდს შეადგენს, ფლობს სამშენებლო კომპანიებს რუსეთში.

სერჟ სარგსიანი პრემიერმინისტრის პოსტზე პარლამენტმა საზოგადოების პროტესტი მიუხედავად 17 აპრილს დაამტიკცა.

სერჟ სარგსიანი პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 2 მარტს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი სერჟ სარგსიანის კანდიდატურას დაუჭირა. 2014 წელს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ, სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა. ოპოზიცია და მომიტინგეები მას ამ პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები