სომხეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის შემოღების თაობაზე ალაპარაკდა
სომხეთის დედაქალაქში კვლავ გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები. ამ წუთებში აქცია ერევანში რამდენიმე ადგილას ერთდროულად იმართება.
სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, ვიგენ სარქისიანმა ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა მიმდინარე პროცესებზე და საგანგებო სიტუაციის რეჟიმის ამოქმედების ალბათობაზეც ისაუბრა.
„ჩემი და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამოქალაქეების სურვილიცაა, არ გახდეს საჭირო ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის ამოქმედება. იმედი მაქვს, რომ საგანგებო სიტუაციის გამოცხადება არც ახლა და არც მერე არ დაგვჭირდება. ამის შესახებ კანონში შესაბამისი მითითება არსებობს, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ საგანგებო სიტუაციის გამოცხადება არ დაგვჭირდება“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, ვიგენ სარქისიანმა.
საპროტესტო აქციები სომხეთში უკვე ერთ კვირაა, იმართება. დემონსტრანტები და ქვეყნის რადიკალური ოპოზიცია ყოფილი პრეზიდენტის, სეჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებს.
უქმეებზე პოლიციამ უკვე დააკავა ოპოზიციის ლიდერები, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს აქციებს. დაკავებულებს შორის სომხური ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი ფიგურირებს.