როგორ აღვნიშნავთ ნათელა იანქოშვილის 100 წლის იუბილეს თბილისში?

2018 წელი მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ წელს ორი დიდი მხატვრის – ნიკო ფიროსმანაშვილისა და ნათელა იანქოშვილის საიუბილეო თარიღებია: ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალების 100 და ნათელა იანქოშვილის დაბადებიდან 100 წელი სრულდება.
თითქოს სიმბოლურიაო, ფიროსმანის სულიერი მემკვიდრის, ფერწერის დიდოსტატის – ნათელა იანქოშვილის იუბილე თვითნასწავლი გენიოსისა და უბადლო შემოქმედის თარიღს დამთხვეოდა. თითქოს მრავლისმეტყველიც არის…  მაგრამ ახსოვთ კი მავანთ დღეს უბადლო ქართველი მხატვარპორტრეტისტი და პეიზაჟისტი, რომელსაც ფიროსმანის შემდეგ „მომავლის მხატვრადაც“ მოიხსენიებენ და სწორედ უცხოელები მსოფლიოს დიდ მხატვართა შორის ასახელებენ?!
ამ თემაზე გთავაზობთ  ჟურნალისტ გიორგი ლალიაშვილის წერილს ლონდონიდან, რომელიც მან სპეციალურად პორტალ „კვირისთვის“ მოამზადა და რომელიც საინტერესო ასპექტებს შეიცავს დიდი მხატვრის იუბილესთან დაკავშირებით.

 

წლეულს, 30 აგვისტოს, სრულდება 100 წლისთავი საქართველოს სახალხო მხატვრის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის ნათელა იანქოშვილის დაბადებიდან.
ნათელა იანქოშვილი ქართული ფერწერის სრულიად უნივერსალური მოვლენაა. მისი პეიზაჟი, პორტრეტი, გრაფიკა და წიგნის ილუსტრაცია არის ქართული სახვითი ხელოვნების ნამდვილი მატება და საგანძური, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო მეტ სიამაყეს აგრძნობინებს შთამომავლობას. ახლა, როცა შესაძლებელი გახდა ასე თავისუფლად მოგზაურობა საზღვარგარეთ და უშუალოდ ზიარება მსოფლიო ხელოვნების მონაპოვრებთან, სულ უფრო ცხადი ხდება ნათელა იანქოშვილის ავტონომიურობა და სიახლე, რომელიც მან თავისი ძლევამოსილი მხატვრული პრაქტიკით განახორციელა.
ნათელა იანქოშვილი გვევლინება ფიროსმანის სულიერ მემკვიდრედ, მან თავისი ხელოვნებით უერთგულა ფიროსმანის ძლიერ ეროვნულ შეგრძნებას და  თავისი მხატვრული ძიებანი და მიგნებები სწორედ  ამ მხრივ წარმართა და მიაღწია იმ შედეგს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ეროვნულ კრიტიკას და ხელოვნებათმცოდნეობას თითქმის დაუნახავი და შეუფასებელი დარჩა.
მხატვრის 100 წლის იუბილე არის შესანიშნავი საშუალება, რათა დავანახვოთ 21-ე საუკუნის საზოგადოებას, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდობას, თუ რაში მდგომარეობს იანქოშვილის მხატვრული სიდიადე. მან ქართული პეიზაჟი აიყვანა სრულიად ახალ სიმაღლეზე და და ამგვარ გამომსახველობას ანალოგს ვერ უპოვით მსოფლიო ხელოვნებაში. ეს არის ზოგადქართული ფერწერული ხატი, რომელიც განასახიერებს ამ ქვეყნის იავარქმნილ ისტორიას და მის განსულიერებულ ბუნებას. იანქოშვილის პეიზაჟი ზოგადად საქართველოს პეიზაჟია, ეს არის ქართლიც და მესხეთიც, სამეგრელოც და კახეთიც, აჭარაც და იმერეთიც!
რაც მთავარია, იანქოშვილი არის ყველაზე რუსთაველური მხატვარი, რუსთაველი ხომ ქართველთა ბიბლიაა და მე ნებისმიერ ქართველ მხატვარს მასთან მიმართებაში განვიხილავდი. ნათელა იანქოშვილი არის რუსთაველური „მზიანი ღამის“ ფუნჯით შემქმნელი მხატვარი, იანქოშვილის პეიზაჟის მხილველი ვერ იტყვის აქ  ღამეა თუ დღეა. სრულიად უნიკალური ფიგურატიულობა მიანიჭა იანქოშვილმა ცასა და ღრუბლებს და ესეც რუსთაველის სამყაროდან იღებს სათავეს და იძენს მხატვრულ დამოუკიდებლობას. მთლიანად ნათელა იანქოშვილის ფერწერა განხილული და გამოკვლეული უნდა იყოს რუსთაველის პოემასთან მიმართებაში. ეს მომავლის ამოცანად რჩება და ჩვენმა ხელოვნებათმცოდნეებმა საგულდაგულოდ უნდა შეისწავლონ ეს ფენომენი.
იანქოშვილმა გარდა ამისა, შექმნა მეოცე საუკუნის მდიდარი პორტრეტული გალერეა გამოჩენილი ქართველებისა. და თუკი, საქართველოში შეიქმნება პორტრეტის ეროვნული მუზეუმი, მასში ათობით ცნობილი მოღვაწის იანქოშვილისეული პორტრეტი დაიდებს ბინას.
იანქოშვილის საერთაშორისო აღიარება უკვე დაწყებულია, იგი გარდაცვალების მერე გამოფინეს ბერლინში, სტამბოლში, კიოლნში, ბრიუსელში. იანქოშვილის ნამუშევრების ალბომი 2012 წელს გამოიცა გერმანიაში, წლეულს, ამავე ქვეყანაში მხატვრის დაბადებიდან 100 წლისთავზე მისი ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი დაიბეჭდება გერმანულ-ინგლისურ ენებზე.
წლეულს, მაისის დასაწყისში (2–6 მაისი) კი ნიუ-იორკში ცნობილ Art Frieze-ის პროგრამაში ცალკე საგამოფენო სივრცე დაეთმობა ქართველ მხატვარს. ამ პრესტიჟულ არტ ბაზრობას, 70 ათასზე მეტი დამთვალიერებელი მაინც სტუმრობს ხოლმე. იანქოშვილის სურათებს
აშშ-ში ბერლინის „Kornfeld Gallery“ წარადგენს. ისინი ორი წელია აწარმოებდნენ მოლაპარაკებას Art Frieze-ის მესვეურებთან, რომლებმაც ღირსად მიიჩნიეს, რომ იანქოშვილი 20-მდე სურათით იყოს წარმოდგენილი ნიუ-იორკის ამ ყველაზე გახმაურებულ არტფორუმზე.
გამოჩენილი ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე ნათელა იანქოშვილზე ამბობდა: „არ მინდა ვთქვა, რომ დღეს მისი არ ესმით, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ იანქოშვილი მომავლის მხატვრიაო“. მწერლის წინასწარმეტყველება ზუსტი აღმოჩნდა. იანქოშვილისადმი ინტერესი სულ უფრო მზარდია და შორს არ არის ის დრო, როცა მის გენიალურობას სულ უფრო მეტი ადამიანი ირწმუნებს როგორც ჩვენში, ასევე მთელ პლანეტაზე.
ჩვენი ღრმა რწმენით, იანქოშვილის საიუბილეო ექსპოზიცია წლეულს შემოდგომაზე აუცილებლად უნდა გაიმართოს სურათების ეროვნულ გალერეაში, იქ სადაც 1960 წელს შედგა მისი პირველი პერსონალური გამოფენა. მხატვარმა იმ ხანად აქ 250 სურათი წარმოადგინა და განაცვიფრა საზოგადოებრიობა უჩვეულო შემოქმედებითი სიახლითა და ნაყოფიერებით. სრულიად გამართლებულია, რომ სწორედ ამ დარბაზებმა უმასპინძლოს 2018 წლის შემოდგომაზე გენიალური ქართველი მხატვრის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას.
საინტერესოა, რას ფიქრობს საქართველოს კულტურის სამინისტრო ან შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი ნათელა იანქოშვილის საიუბილეო გამოფენის მოწყობაზე. ამ მუზეუმის ფონდებში ხომ მხატვრის რამდენიმე ათეული ნამუშევარი არის დაცული?!
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენი სახელოვნებო ინსტიტუტები, საერთოდ  ქართველი საზოგადოება გამოიჩენს სათანადო ყურადღებას და ღირსეულ პატივს მიაგებს დიდი ქართველი მხატვრის ნათელა იანქოშვილის ხსოვნას.

გიორგი ლალიაშვილი

 



 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები