ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა

ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (The International Budget Partnership) მიერ  „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017-ის“ (Open Budget Survey 2017) შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, საქართველომ  მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის 82 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.

ამის შესახებ „კვირას“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, აღნიშნული პოზიციით,  საქართველო  სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში მოექცა.

„საქართველო რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ კატეგორიაში გადავიდა და რომლის სტანდარტსაც ბოლო კვლევით მხოლოდ 5 ქვეყანა აკმაყოფილებს მსოფლიოში. შესაბამისად, საქართველო იკავებს ადგილს საჯარო ფინანსების მართვის სფეროში განსაკუთრებული წარმატების მქონე ისეთ ქვეყნებთან ერთად როგორიცაა: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და ნორვეგია.

აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოში მიმდინარე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ საერთაშორისო აღიარება მიიღო და კიდევ ერთხელ დადასტურდა ბოლო ათწლეულის მანძილზე გატარებული ღონისძიებების შედეგები.

აღნიშნული კვლევა და ღია ბიუჯეტის ინდექსის დადგენა 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ორგანიზებით (IBP https://www.internationalbudget.org/who-we-are/). გასათვალისწინებელია, რომ კვლევა ითვალისწინებს ერთი და იგივე მეთოდოლოგიით მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბიუჯეტის გამჭვირვალობის შეფასებას. ხორციელდება როგორც თითოეული ქვეყნის, ასევე მსოფლიო მასშტაბით საშუალო ქულის გამოთვლა, რაც საშულებას აძლევს ქვეყენებს, შეაფასონ მათი პროგრესი როგორც სხვა ქვეყენებთან, ისე გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში, ასევე დაინახონ განვითარების დინამიკა წინა კვლევებთან შედარებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევა არ ხორციელდება მთავრობის მიერ თვითშეფასების გზით და კითხვარს ავსებენ ამ მიზნით დამოუკიდებლად შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები (საქართველოს შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“). შესაბამისად, შედეგები დამოკიდებულია ქვეყანაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციზე”,- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, კვლევა შეისწავლის მთავრობის მიერ საჯარო ფინანსების მართვის სისტემას: ბიუჯეტის გამჭვირვალობის, საბიუჯეტო პროცესში მხარეთა ჩართულობის და ბიუჯეტის მართვაზე ზედამხედველობის მიმართულებით.

სამინისტროში აცხადებენ, რომ კვლევა პირველად 2006 წელს გამოქვეყნდა და საქართველო 34 ქულით, მხოლოდ 30-ე ადგილს იკავებდა (განახლებული მეთოდოლოგიით) და მხოლოდ მინიმალურად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში იყო. საჯარო ფინანსების მართვის მიმდინარე რეფორმა ამ ეტაპზე საწყის სტადიაზე იმყოფებოდა და შემდგომი კვლევების შედეგებში, ქულები და პოზიციები ეტაპობრივად უმჯობესდებოდა და საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყნების რიგში იდგა 2008, 2010 და 2012 წლების კვლევებით.

2015 წლის კვლევით, ქვეყანა პირველად გადავიდა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში და 66 ქულით, მე-16 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 109 ქვეყანას შორის.

 “ბოლო, 2017 წლის კვლევით  საამაყოა, რომ საქართველო ჩადგა ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნების ჯგუფში. საქართველო 82 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო ქულას, რომელიც 42 ქულას შეადგენს.

აღნიშნული ქულა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგია, მათ შორის, პროგრამული ბიუჯეტის დანერგვა, საშუალოვადიანი დაგეგმვის გაძლიერება, ანგარიშგების ყოვლისმომცველობის გაზრდა და სხვა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანა კვლავ დგას ზოგიერთი გამოწვევის წინაშე, ამიტომ საქართველო განაგრძობს მუშაობას ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიმზების შემუშავების მიმართულებით და ამ მიზნით თანამშრომლობს დონორ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან”,- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები