გივი კუბლაშვილი: რაგბის სავარჯიშო კომპლექსში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებაზე კომპანიამ მუშაობა დაიწყო

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ, რაგბის სავარჯიშო კომპლექსში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებაზე, კომპანია “საბაკონტრაქშენმა” უკვე დაიწყო მუშაობა.

მისივე თქმით, ექსპლუატაციაში შესვლის დროს, ხარვეზები სამუშაოებს არ ჰქონდა, თუმცა კომპანიას აქვს ვალდებულება, წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, სამი წლის განმავლობაში გამოსასწორებელი სამუშაოები განახორციელოს.

“ჩვენ სამუშაოების ჩაბარებას არ ვახდენთ, თუ რაიმე წუნი არსებობს, კომპანია ვალდებულია წუნი აღმოფხვრას და შემდეგ უნდა მოხდეს მისი ჩაბარება. ამაზე არის შესაბამისი დასკვნებიც, შემდგომი წუნის გამოაშკარავება დროთა განმავლობაში მოხდა, მაგრამ ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, რომ თუკი ეს არის კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების წუნი, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი აღმოფხვრა. ამისათვის ჩვენ საგარანტიო თანხებიც გვაქვს კომპანიისთვის. სამი წელი არის საგარანტიო ვადა და სამი წლის განმავლობაში კომპანია ვალდებულია, ნებისმიერი ხარვეზი, რაც არის მის მიერ გამოწვეული, აუცილებლად აღმოფხვრას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე შევხვდით, მერის მოადგილესთან ერთად, კომპანიის ხელმძღვანელობას, შევთანხმდით და უკვე დღესვე დაიწყეს ნაწილი სამუშაოების, მომავალი დღიდან კი გააგრძელებენ უფრო ინტენსიურად. ვფიქრობთ, ახლო მომავალში ისინი არსებულ პრობლემებს აღმოფხვრიან”, – ამბობს გივი კუბლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და მას “შეურაცხმყოფელი” უწოდა. მან შესაბამის სამსახურებს დაავალა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა დღესვე გამართოს და, ადგილზე არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, მუშაობა დროულად დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები