ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნება

4 დეკემბერს, 16:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საზეიმო გახსნის ღონისძიება გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზემში განუცხადეს, 2017 წლიდან სახლ-მუზეუმში მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და საგამოფენო სივრცეების რეექსპოზიცია. საგამოფენო სივრცეში პირველად იქნება გამოყენებული თანამედროვე მუზეუგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია.
რეექსპოზიციის პროექტის მიზანია კულტურის სხვადასხვა ინდუსტრიული საშუალებებით – ანიმაციური მეთოდებით ფართო საზოგადოებას წარუდგინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელსა და შემოქმედებას თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისად და მიმზიდველი აქციოს დამთვალიერებლისათვის.
XIX საუკუნის მემორიალური შენობა თბილისის ერთ-ერთ ძველ კოლორიტულ კალა-უბანში, ისტორიული ძეგლებითა და მოსახლეობის ეროვნული სიჭრელით გამორჩეული მნიშვნელოვანი ადგილია. მუზეუმს ესაზღვრება VI საუკუნის ძეგლი – ანჩისხატის ტაძარი, თბილისის ერთ-ერთი კარის ნანგრევები, ბარათაშვილის თანამედროვე ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის საცხოვრებელი სახლი, გაგრძელებაზე – ერეკლე II-ის მოედანი, სადაც თავის დროს მდებარეობდა ბარათაშვილის დედის, ეფემიასა და ბიძის, გრიგოლ ორბელიანის ორსართულიანი სახლი, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის კარის წმ. გიორგის ეკლესია.
მუზეუმში დაცულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ეპოქალური ნივთები, ავეჯი, ხალხური საკრავები, XIX საუკუნის როიალი, მხატვრული ტილოები, პოეტის შემოქმედების გამოცემები (დაწყებული 1876 წლიდან), ფოტომასალა, სხვადასხვა კლასიკოსთა ხელნაწერები, ბიბლიოთეკა, წიგნადი ფონდი და სხვა დამხმარე მასალა. მუზეუმში თავმოყრილ ექსპონატთა შორის სავიზიტო მასალას წარმოადგენს ორი ფოტო – პოეტის მუზის – ეკატერინე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონი „ცარსკოე სელოში“ და კლასიკური გიმნაზიის შენობა, ბარათაშვილის ლექსების პირველი კრებული, გამოცემული 1876 წელს; პოეტის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომის მოსაწვევი ბარათი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში (21.10.1945 წ.) და სხვა.
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ UNESCO ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.

მისამართი: ჩახრუხაძის 17

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები