ანსამბლ „ელესას“ მეორე აუდიოალბომის წარდგენა გაიმართება

30 ნოემბერს 18:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ფონდი „ქართული გალობა“ გამართავს ანსამბლ „ელესას“ მეორე აუდიოალბომის წარდგენას.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფონდი „ქართული გალობა“ 2013 წლიდან ყოველწლიურად მართავს დაჯილდოება-კონცერტს, სადაც ქართული ტრადიციული კულტურის – ხალხური სიმღერის, გალობის, ცეკვის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების აღდგენა-პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისათვის მოღვაწე ადამიანებს პრიზებს, სიგელებსა და ფულად პრემიებს გადასცემს, ნომინანტებს კი საგანგებო გამოცემებს უძღვნის.
წინამდებარე დისკით იწყება ფონდის მიერ დაჯილდოებული ახალგაზრდული ანსამბლების CD და DVD გამოცემათა სერია, რომლის პირველი ალბომი ქედის მუნიციპალიტეტის ანსამბლ ელესას ეძღვნება. 2013 წელს ანსამბლი ელესა ტრადიციული სიმღერის აღორძინებაში შეტანილი წვლილისათვის ფონდმა ნომინაციაში – „ახალი თაობა“ – დააჯილდოვა.
აუდიოალბომის ჩაიწერა ქედის მუნიციპალიტეტში გალობის უნივერსიტეტის მოძრავი სტუდიით;
ხმის რეჟისორი – ილია ჯღარკავა; დიზაინერი – თამარ დევდარიანი;
პროექტის მხარდამჭერია – „მეღვინეობა შილდა“
„ელესა“ უპირატესად ტრადიციულ აჭარულ ნიმუშებს ასრულებს. მისი შემოქმედებითი ამოცანა მშობლიური კუთხის მარგალიტების მოძიება, შესწავლა და პოპულარიზაციაა, რომლებსაც ანსამბლის წევრები საარქივო ჩანაწერებიდან და ადგილობრივი ხანდაზმული მომღერლებისგან სწავლობენ. წლების მანძილზე ელესას რეპერტუარში აჭარული სიმღერის არაერთი იშვიათი ვარიანტი დამკვიდრდა. მათ საშემსრულებლო სტილს, უპირველეს ყოვლისა, პირველწყაროსთან მაქსიმალური სიახლოვე განსაზღვრავს. ამასთან, ახალგაზრდები ცდილობენ, წინაპართა დანატოვარი საკადრისად წარმოაჩინონ. აჭარულისათვის დამახასიათებელ საშემსრულებლო მანერასა და ხასიათს კი მათი წარმომავლობა, ფესვებთან კავშირი ბუნებრივად განაპირობებს.
ანსამბლი აქტიურად მონაწილეობს მუნიციპალურ და რეგიონულ ღონისძიებებში, რადიო და ტელეპროექტებში; გამოდის ფესტივალებზე, ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმებზე; კონცერტებით მოიარა აზერბაიჯანი, უკრაინა, ლატვია, პოლონეთი, ბელორუსია, კვიპროსი და თურქეთი.
„ელესა“ არის აგრეთვე წინანდლის პრემიის მფლობელი (2014), საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ლაურეატი და მესამე ადგილის პრიზიორი (2015-2016 წწ.).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები