„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ – სერგეი მალოვის კონცერტი გაიმართა
24 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა. ამჯერად ფესტივალის სტუმარი იყო სერგეი მალოვი, რომელიც ორი ინსტრუმენტით: ვიოლინოთო და „ჩელო და სპალათი“ წარდგა მსმენელის წინაშე.
ზალცბურგის მოცარტეუმისა და ბერლინის ჰანს აისლერის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ, სერგეი მალოვმა არაერთ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა, როგორც მევიოლინემ (ჰაიფეცის სახელობის კონკურსი 2008, მოცარტის კონკურსი 2010, მიხაელ ჰილის კონკურსი 2011) და როგორც ალტისტმა (ტოკიო, 2010). ისტორიული ინსტრუმენტებისადმი დიდმა ინტერესმა მას გადააწყვეტინა, დაუფლებოდა ბაროკო ვიოლინოს და ჩელო და სპალას.
დღესდღეობით იგი ორივე ინსტრუმენტით ერთნაირად დიდი წარმატებით მართავს კონცერტებს და ახორციელებს ჩანაწერებს. როგორც სოლო შემსრულებელს, მას უთანამშრომლია ისეთ ორკესტრებთან, როგორიც არის ლონდონის ფილარმონიული, BBC-ს, ბავარიის რადიო, ჰელსინკის სიმფონიური და სხვა მრავალი ორკესტრი. ასევე უნდა აღინიშნოს მისი თანამშრომლობა ბაროკო ანსამბლთან – „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია“ (AKAMUS Berlin).
„სერგეი მალოვის რეპერტუარი მეტად მრავალფეროვანია, იგი მოიცავს ნაწარმოებებს ბაროკოს ეპოქიდან თანამედროვე მუსიკამდე. მის შესრულებაში ყოველთვის კარგად ჩანს კომპოზიტორის ქმნილება და შემსრულებლის თავისუფალი იმპროვიზაცია. სერგეი მალოვი, თავის მრავალარხიან ჩანაწერებში ასევე არაჩვეულებრივად უთავსებს ერთმანეთს რამდენიმე ინსტრუმენტს. 2017-18 წლების საკონცერტო სეზონზე დაგეგმილი აქვს სიბელიუსის სავიოლინო კონცერტის შესრულება ჰელსინკის ფილარმონიულ ორკესტრთან და სტრავინსკის კონცერტი – ტამპერეს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 2017 წლის სექტემბერში სერგეი მალოვი ციურიხის მუსიკის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, ასევე გამოიცა მისი უახლესი ალბომი „Hommage á Ysaÿe“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თეა მუქერიამ.
24 ნოემბრის კონცერტზე ავსტრო-გერმანული ბაროკოს მუსიკა შესრულდა. პირველ განყოფილებაში, როგორც მევიოლინემ, სერგეი მალოვმა ჰ. ი. ფ. ბიბერის პასაკალია და ი.ს.ბახის მი მაჟორული პარტიტა შეასრულა, ხოლო ჩელო და სპალაზე პირველად საქართველოში ი. ს. ბახის დო მაჟორული ჩელოს სიუიტა გაჟღერდა.
მეორე განყოფილებაში სერგეი მალოვი „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად წარდგა პუბლიკის წინაშე და იოჰან სებასტიანის და კარლ ფილიპ ემანუელ ბახის ნაწარმოებები შესრულდა.
თბილისის ბაროკო ფესტივალი გრძელდება და 29 ნოემბერს, 18:00 საათზე, თბილისის კონსერვატორიის კამერულ დარბაზში (სართული 3) შედგება გია ბუღაძის საჯარო ლექცია – „კარავაჯო და კარავაჯიზმი“. ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
1 დეკემბერს კი ფესტივალი კვლავ რუსთაველის დარბაზში გადაინაცვლებს და იტალიურ ბაროკოს იტალიელი ჩელისტი დავიდე ამადიო და „საქართველოს სინფონიეტა“ შეასრულებენ.
ილია ბაბურაშვილის ფოტომასალა