მაკა ბატიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

24 ნოემბერს, 18:00 საათზე, Project ArtBeat-ის ახალ სივრცეში მაკა ბატიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს,  გამოფენაზე 2015-17 წლებში, სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების დათვალიერება იქნება შესაძლებელი. გრაფიკა და ორ ფერში შესრულებული ფერწერული ტილოები 24 ნოემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.
მაკა ბატიაშვილი: ,,ფერწერა, რომელშიც მხოლოდ შავი და თეთრი ფიგურირებს, დაკავშირებულია დროის წარმავლობასთან. ძველი კადრები, რომლებიც დააარქივა გონებამ, დროის დისტანციამ უფრო მისტიკური და იდუმალი გახადა. დაუბრუნებლობის განცდამ იმ მომენტის, რომელიც ჩვენ აღარ გვეკუთვნის, მახსოვრობიდან რამდენიმე კადრი გამოკვეთა და შავ-თეთრ გამოსახულებაში გააშეშა.
გრაფიკული ნამუშევრები შესრულებულია სხვადასხვა ფაქტურის ქაღალდებზე, ერთი, რამდენიმეწამიანი მოძრაობით და საკუთარი მომენტალური განწყობით. წინასწარ დაუგეგმავი მოძრაობისგან შემდგარი ხაზები მიდის ქაღალდის სიღრმეში და იხლართება ფიგურები, რომლებიც ზედაპირზე ქორეოგრაფიული მონასმების შედეგია“.
მაკა ბატიაშილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 1992-97 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
2017– Project ArtBeat, თბილისი, საქართველო; გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა, Project ArtBeat-ის მოძრავი გალერეა, თბილისი, საქართველო;
2015 – სათამაშო მოედანი, „თი-ბი-სი“ გალერეა, თბილისი, საქართველო; ქართველი მხატვრების გამოფენა, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თელ-ავივი, ისრაელი;
2013 – არუნდელის თანამედროვე ხელოვნების გალერეა, არუნდელი, დიდი ბრიტანეთი;
2012 – ინდუსტრიული გალერეა, ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა;
2011 – შავი და თეთრი, თბილისის ისტორიის მუზემი, თბილისი, საქართველო; 2008 – OFF EUROPA Festival, ლაიფციგი, გერმანია; ეროვნული მუზეუმი, ატლანტა, აშშ.

Project ArtBeat-მა წარადგინა ბატიაშვილის ნამუშევრები სტამბულში – Contemporary Istanbul Art Fair (2014-17), ვილნიუსში – ArtVilnius (2017), კიევში – Kyiv Art Week (2016–17), ლონდონში – START Art Fair, Saatchi Gallery (2015).
მისამართი: პ. ინგოროყვას ქ. 14.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები