თბილისის ისტორიის მუზეუმი თანამედროვე ჩინური ხელოვნების გამოფენას – „ხელოვნება და მშვიდობა’’ უმასპინძლებს
24 ნოემბერს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) თანამედროვე ჩინური ხელოვნების გამოფენა -„ხელოვნება და მშვიდობა’’ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჩინეთის ხელოვანთა ასოციაციაში გაერთიანებული ცნობილი ჩინელი მხატვრების მიერ სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული 29 ნამუშევარი. ექსპოზიცია მოიცავს: ფერწერულ ტილოებს, ქანდაკებას, ბეჭდურ მასალას, აკვარელსა და სინთეტიკურ მატერიაში შესრულებულ ნამუშევრებს.
ჩინეთის ხელოვანთა ასოციაციამ 2009 წელს, კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, შეიმუშავა პროექტი – „ჩინური ხელოვნების მოგზაურობა მსოფლიოში“, რომელმაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა, მათ შორის იტალიაში, ფინეთსა და დიდ ბრიტანეთში. პროექტის მთავარი თემაა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება, ჰუმანიზმი და ჩინეთის ჰარმონიული კულტურის გავრცელება ფართო საერთაშორისო საზოგადოებაში.
თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა ეძღვნება საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს. გამოფენის მიზანია, ორ ქვეყანას შორის გააღრმავოს კულტურული ურთიერთობები, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთის ხელოვნების პოპულარიზაციას და ჩინეთის ცივილიზაციის გავრცელებას მსოფლიოში.
გამოფენის ორგანიზატორია ჩინეთის ხელოვანთა ასოციაცია.
გამოფენის ხანგრძლივობა: 24 ნოემბერი – 12 დეკემბერი, 2017
მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) სიონის ქ. 8.