პარიზში ანსამბლ „რუსთავისა“ და ბაქოს კამერული ორკესტრის კონცერტი გაიმართება

23 ნოემბერს, პარიზში, იუნესკოს შტაბბინაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში გერმანული კოლონიების დაარსების 200 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ანსამბლ „რუსთავისა“და ბაქოს კამერული ორკესტრის კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ღონისძიების ფარგლებში შესრულდება აზერბაიჯანელი, ქართველი და გერმანელი კომპოზიტორების კლასიკური, ასევე, ხალხური და ტრადიციული მუსიკა. კონცერტს ცნობილი აზერბაიჯანელი დირიჟორი ფუად იბრაჰიმოვი უდირიჟორებს. კონცერტის მთავარი ნაწილი დაეთმობა მუსიკალურ დიალოგს – აზერბაიჯანულ მუღამს, ქართულ მრავალხმიან სიმღერასა და იოჰან სებასტიან ბახის კლასიკურ კომპოზიციებს.
ქართულ მრავალხმიანობას ანსამბლი „რუსთავი“ წარადგენს. 2018 წელს ანსამბლი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
კონცერტის პარალელურად, დარბაზის მთავარ ეკრანზე წარმოდგენილი იქნება გერმანული კოლონიების ისტორიის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2016 წლის 30 აგვისტოს ბრძანების თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და იუნესკოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობის ერთობლივი ორგანიზების შედეგად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში გერმანული კოლონიების დაარსების 200 წლის იუბილე შეტანილ იქნა იუნესკოს 2016-2017 წლების ღონისძიებათა ნუსხაში, რაც გამოჩენილი ადამიანების საიუბილეო თარიღების აღნიშვნასა და მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ხსოვნისადმი პატივის მიგებას ემსახურება. აღნიშნული ღონისძიების თარიღად დასახელდა 2017 წლის 23 ნოემბერი, რომელიც მოიცავს ფოტოგამოფენას, ოფიციალური გახსნის ცერემონიალს და კონცერტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები