ლიტველი ფოტოგრაფის გამოფენას – „მოგზაურობებიდან“ თბილისი უმასპინძლებს
25 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფისა და ლიტვური ფოტოგრაფიული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვიტას ლუცკუსის გამოფენა – „მოგზაურობებიდან“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სერიები ფოტოგრაფის მოგზაურობებიდან თბილისში, აზერბაიჯანსა და ბაშკირეთში 1981 წელს და ალტაის მხარეში 1985 წელს. დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა მისი მოგზაურობების დროს, 1968-1986 წლებში, გადაღებულ პორტრეტებს სერიიდან „პორტრეტები ახლოდან“.
ვიტას ლუცკუსის მიერ, მოგზაურობების დროს შექმნილი პროექტი უფრო მეტია, ვიდრე ფოტოჟურნალისტიკა ან სოციალური ფოტოგრაფია. მიუხედავად იმისა, რომ მისი კამერა აღბეჭდავს ადგილობრივი ყოფის დეტალებსა თუ თვისებებს, ეს ყველაფერი ფოტოებში უბრალო ფონად რჩება, რაც ნაკლებ მნიშვნელოვანია. მის ფოტოებში ჩანს ბევრად მეტი, ვიდრე უბრალო ანარეკლი – ისინი გადმოსცემენ სხვადასხვა ერის მატერიალურ და სულიერ კულტურას.
ლუცკუსის ცნობილი ნამუშევრების გარდა, გამოფენაზე ნახავთ ფოტოკოლექციას საქართველოს სერიიდან, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისათვის დაიბეჭდა და პირველად გამოიფინება ფართო საზოგადოების წინაშე.
მუზუმი ღიაა 10:00-დან 18:00 საათამდე.
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. შოთა რუსთაველის გამზ. 3