გრიბოედოვის თეატრი საგასტროლო ტურნეთი უკრაინაში მიემგზავრება
21-დან 26 ნოემბრის ჩათვლით ალ.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი უკრაინაში მიემგზავრება. როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, დასი ორი სპექტაკლით – „ხოლსტომერი. ცხენის ამბავით“ და „რევიზორით“ ორ ქალაქში – პოლტავასა და კიევში წარდგება.
22 ნოემბერს „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ ნაჩვენები იქნება პოლტავას ნ. გოგოლის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე.
პოლტავადან გრიბოედოვის თეატრი გადაინაცვლებს კიევში, სადაც მის გასტროლებს ივან ფრანკოს უკრაინის სახელობის ეროვნული თეატრი უმასპინძლებს.
24 ნოემბერს გრიბოედოვის თეატრის დასი ითამაშებს სპექტაკლს „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“, 25 ნოემბერს -„რევიზორს“.
ეს 2017 წელს გრიბოედოვის თეატრის მიერ ჩატარებული მეოცე გასტროლებია.
„ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ არის ტრაგიკული აღსარება ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი.
„ხოლსტომერი“ ოცამდე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მონაწილე და დიპლომანტი სპექტაკლია. 2013 წელს დაჯილდოვდა მოსკოვის საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრით, ხოლო ვალერი ხარიუჩენკოს ნომინაციაში – „მამაკაცის საუკეთესო როლი“ გადაეცა „ოქროს დიპლომი“.
„რევიზორის“ პრემიერა 2015 წლის 29 ოქტომბერს, გრიბოედოვის თეატრის 170-წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფაარგლებში გაიმართა. ეს გახლავთ ავთანდილ ვარსიმაშვილის ფანტასმაგორია ორ მოქმედებად, რომელიც სრულიად განსხვავდება მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესის კლასიკური ინტერპრეტაციისგან. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის და თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ „რევიზორი“ 2015 წლის საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა, ავთანდილ ვარსიმაშვილმა მიიღო პრემია საუკეთესო რეჟისურისთვის, ელისო ორჯონიკიძეს გადაეცა პრემია საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის, ხოლო აპოლონ კუბლაშვილი ხლესტაკოვის როლის შესრულებისთვის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად აღიარეს.