აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტის ფარგლებში გამართულ ჯაზის საღამოზე საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსები წარადგენენ

23 ნოემბერს, ქალაქ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის  მე-5 სამიტის ფარგლებში, პარტნიორობის ექვსი ევროპული ქვეყნის – აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდავეთის, სომხეთის, უკრაინისა და საქართველოს ჯაზის წარმომადგენლები გაერთიანდებიან.
პროექტის კოორდინატორი საქართველოში Kavkaz Jazz ფესტივალია, რომელიც უკვე 8 წლის მანძილზე, მუსიკის საშუალებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში კულტურული დიალოგის, მეგობრული ურთიერთობებისა და მშვიდობიანი კომუნიკაციის გაღრმავებას ემსახურება.
როგროც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს იქნება უნიკალური ჯემ-სეიშენი: STRONGER TOGETHER, სადაც კულტურა და პოლიტიკა ჰარმონიულად საერთო ღირებულებებისათვის დგას.
ბრიუსელში საქართველოს წარადგენენ ახალგაზრდა მუსიკოსები: მიხეილ ჯაფარიძე (კონტრაბასი) და ირაკლი ჭოლაძე (დასარტყამი). მათ უხელმძღვანელებს ნიუ-იორკში მოღვაწე ცნობილი პიანისტი – ამინა ფიგაროვა.
ბრიუსელში კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია ადგილობრივი კაფეს (Le Berger by Vini Divini) ეკრანზე მოხდება. კონცერტის ყურება ონლაინრეჟიმში Bozar-ის ვებგვერდიდანაც იქნება შესაძლებელი.
ღონისძიება  ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების, ევროკავშირის ორგანიზაციებისა და Bozar-ის ბრიუსელის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით და მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები