საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში 27-ე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აღმოსავლეთის ინსტიტუტის ორგანიზებით 5-7 სექტემბერს კრინიცა-ზდრუიში ჩატარდება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმის პირველი პლენარული სესია 5 სექტემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას სახელმწიფოთა მეთაურები და სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.
გიორგი მარგველაშვილი ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ურთიერთობის მნიშვნელობაზე, ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მისი გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით კი, გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შედეგებზე ისაუბრებს და იმ შესაძლებლობებს განიხილავს, რასაც საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს სთავაზობს აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში.
ეკონომიკური ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილი ქართულ-პოლონური პარტნიორობის თაობაზეც ისაუბრებს და უმაღლესი დონის ვიზიტების გააქტიურებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისა და საქართველოსათვის პოლონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ არაფორმალური, ღია დისკუსია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას გიორგი მარგველაშვილი მიიღებს.
27-ე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში საქართველოს ელჩთან ილია დარჩიაშვილთან ერთად კრინიცაში ქართულ საღამოზე ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლებს, რომელზეც ქართული პროდუქცია გამოიფინება, მათ შორის ქართული ღვინო და ქართული ტრაციციული ტკბილეული.
ქართულ საღამოზე ასევე გამოიფინება ,,ვეფხისტყაოსნის” პოლონური თარგმანის ახალი გამოცემა.
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის ეკონომიკურ ფორუმს დელეგაციასთან ერთად დაესწრება, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები