ლუკაშენკო: დიდმა ქართულმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერების, მათ შორის ჩვენი კულტურის განვითარებას

მინსკში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ბელარუსის მრავალწლიანი გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები.
ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ბელარუსის მხრიდან საქართველოსადმი არსებულ გამორჩეულ დამოკიდებულებას და მეგობრობას.

“თქვენთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი პატივისცემა ქართველი ერის მიმართ. ჩემი პირადი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ყოველთვის ვოცნებობდი ამ უმშვენიერესი ქალაქის მონახულებას. საბედნიეროდ ჩემი ოცნება ახდა და ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული შთაბეჭდილებით. ის ნადვილად შეესაბამება საქართველოს შესახებ მოსმენილსა და ნამღერს.
ქართველები ჩვენი მოძმე ერია, ჯერ კიდევ საბჭოთა დრომდე პერიოდში და უშუალოდ საბჭოთა კავშირის პერიოდშიც. ბევრი თქვენი თანამემამულე და ჩვენი ძმა დაიღუპა დიდი სამამულო ომის პერიოდში ბელორუსიაში ბრძოლის და ბელორუსიის განთავისუფლების დროს. ჩვენ ეს კარგად გვახსოვს. რომელი ხსოვნის მემორიალიც არ უნდა მოინახულოთ, თქვენ მასზე აუცილებლად ნახავთ ქართულ გვარს და ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ამ ხსოვნას, ვუფრთხილდებით აღნიშნულ მონუმენტებს და ვუვლით მათ. ჩვენ მოწიწებით ვეპყრობით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ხოლო მიუხედავად დისტანციისა ჩვენს ერებს ისტორიის არაერთი საერთო ფურცელი დაუწერია.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ დიდმა ქართველმა ერმა და მისმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერების და მათ შორის ჩვენი კულტურის განვითარებას. ჩვენ ასევე კარგად ვიცით თუ საიდან იღებს სათავეს კაცობრიობა პლანეტის ამ ნაწილში და სწორედ ამიტომ, ამ ყველაფერს ჩვენ სათანადო პატივს მივაგებთ”- განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ საქართველოს ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას

.
მისი განცხადებით, ორი ქვეყნის ისტორიული კავშირები მხარეებს უბიძგებს შეინარჩუნონ და განავითარონ მჭიდრო ურთიერთობები. როგორც ბელორუსის პრეზიდენტის, ასევე საქართველოს ვიცე-პრემიერის მხრიდან აღინიშნა, რომ ორმხრივმა თანამშრომლობამ ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლამ.
ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბელორუსის პრეზიდენტს საქართველოსთვის კრიტიკულ მომენტში – ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს პირადად მისი მხარდაჭერისა და ბელარუსი მაშველების თავდაუზოგავი საქმიანობისთვის. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა ბელორუსის მიერ გაწეული დახმარება იყო სამაგალითო, რასაც ქართველი ერი არ დაუვიწყებს ბელორუს მეგობრებს.
პრეზიდენტმა და ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოსა და ბელორუსს შორის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული პოზიტიური და კონსტრუქციული ურთიერთობები. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბელორუსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას ბელორუსის პრეზიდენტი და ვიცე-პრემიერი მიესალმნენ სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობის ინტენსიფიკაციას და სავაჭრო ბრუნვის პოზიტიურ დინამიკას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ორი ქვეყნის ეკონომიკას აქვს დიდი პოტენციალი ურთიერთსასარგებლო როლი ითამაშონ ქვეყნების განვითარებაში.
“თქვენ ჩვენ ძალიან გვჭირდებით ისევე როგორც თქვენ გჭირდებით ჩვენ. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკები ერთმანეთს არ უწევენ კონკურენციას, არამედ ავსებენ ერთმანეთს. საქართველო აწარმოებს ბელორუსისთვის საჭირო პროდუქციას, ხოლო ბელორუსი თქვენთვის საჭირო პროდუქციას”- აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველო და ბელორუსის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის აქტიურ მუშაობას.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა დარგობრივი მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის ბელორუსის გამოცდილების გაზიარებას სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების, მანქანათმშენებლობის და სხვა მიმართულებით. დადებითად შეფასდა საქართველოში პირველი ერთობლივი ქართულ-ბელარუსული საწარმოს დაფუძნება და ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა სრული მზაობა მომავალშიც ხელი შეუწყოს ერთობლივ სამეწარმეო საქმიანობას.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებული ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები. ამის დასტურად ბელორუსის პრეზიდენტმა ქ. მინსკში უკვე ტრადიციად დამკვიდრებული თბილისობის დღესასწაული მოიყვანა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მ.წ. 2 სექტემბერს ღონისძიებას 50 ათასზე მეტი სტუმარი ეწვია. საქართველოს ვიცე-პრემიერი თავის მხრივ მიესალმა 2018 წელს თბილისში ბელორუსის კულტურის დღეების გამართვას. მიხეილ ჯანელიძემ ასევე კმაყოფილებით აღნიშნა ბელორუსი ტურისტების რაოდენობის ზრდა საქართველოში.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები მომავალშიც ხელს შეუწყობენ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები