უკრაინის შს სამინისტრო: დავით სააკაშვილმა უკრაინის ტერიტორია უნდა დატოვოს
„კიევის ეროვნულმა პოლიციამ უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის, დავით სააკაშვილის მიყვანა საიმიგრაციო სამსახურის ორგანოებში“, – ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, არტიომ შევჩენკომ განაცხადა.
მისივე განმარტებით, დავით სააკაშვილი უკრაინის პოლიციას არ დაუკავებია.
„ჩვენ არ დაგვიკავებია დავით სააკაშვილი. კიევის ეროვნულმა პოლიციამ უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის მიყვანა საიმიგრაციო სამსახურის ორგანოებში“, – განაცხადა უკრაინის შს სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, არტიომ შევჩენკომ.
მისივე განცხადებით, დავით სააკაშვილმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, ვინაიდან მისი ბინადრობის უფლება მიმდინარე წლის მარტში გაუქმებულია, მანამდე კი მას უკრაინაში მუშაობის უფლებაც ჩამოართვეს.
„ჯერ კიდევ მაშინ, დავით სააკაშვილი ინფორმირებული იყო უკრაინაში ცხოვრების საფუძვლის არქონის შესახებ, თუმცა მან დადგენილ ვადაში არ დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია და უკრაინაში არაკანონიერად იმყოფებოდა“, – განმარტა არტიომ შევჩენკომ.
მისივე თქმით, ახლა მიღებული იქნება გადაწყვეტილება დავით სააკაშვილის ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ის მოისურვებს, გაგზავნაზე და ასევე, ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებაზე.