ზაზა სოფრომაძე ბათუმში, ქრონიკული დაავადებებისთვის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში, ქრონიკული დაავადებებისთვის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამით უკვე სარგებლობს 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახი.
„ძირითადად ეს არის 4 ტიპის დაავადებების მედიკამენტები: გულსისხლძარღვთა სისტემის, ფილტვების ქრონიკული დაავადებების, ფარისებრთა ჯირკვლის და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები. ზოგადად, მედიკამენტებით უზრუნველყოფა ჩვენი სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. პროგრამა მნიშვნელოვანი შეღავათია იმ ადამიანებისთვის, ვინც ქრონიკული დაავადებების გამო, ამა თუ იმ დასახელების მედიკამენტის მუდმივი მომხმარებელია“, -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ.
მინისტრის მოადგილე პროგრამის მიმდინარეობით კმაყოფილია.
„ყოველთვიურად, მედიკამენტებში 200 ლარს ვხარჯავდი. დღეს ერთ ლარად შევიძინე ყველა ჩემთვის საჭირო წამალი, ეს დიდი შეღავათია“, – ამბობს პროგრამაში ჩართული ერთ-ერთი მოქალაქე ნანული ბერიძე.
მედიკამენტები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გაიცემა. პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონში პირველი ივლისიდან ამოქმედდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები