შსს-ს ხევსურეთიდან 5 ტურისტი ვერტმფრენით გადმოჰყავს (ვიდეო)

“შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დღეს შატილის მიმართულებით რამდენიმე რეისს განახორციელებს და ადგილზე დარჩენილ ტურისტებსა და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანს”, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ცნობით, პარალელურად, შსს-ს მაშველები დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის ხეობაში მყოფი 5 უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაციას ინტენსიური რეჟიმით განაგრძობენ.
„დუშეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა განსაცდელში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კომუნიკაციის დამყარება მოახერხა, დადგინდა მათი ადგილსამყოფელის ზუსტი კოორდინატები. უამინდობისა და მდინარე გუროსჭალის ადიდების გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია და სამაშველო ოპერაცია ქვეითად მიმდინარეობს.
პარალელურად, შსს-ს საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე, სამაშველო ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ამ წუთებში, ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარეობს ტურისტების გამოყვანა შატილის მიმდებარე ტერიტორიიდან“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მაშველებმა შატილიდან თბილისში რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩამოიყვანეს. უგზობისა და უამინდობის გამო, ექსკურსიაზე მყოფი 15 ბავშვი, 2 მასწავლებელთან და 2 მშობელთან ერთად, ხევსურეთიდან უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები