გიორგი ჩხეიძემ სიღნაღში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმო დაათვალიერა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ მარცვლეულის შესანახ მეურნეობაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძესთან ერთად, მუშაობის პროცესს გაეცნო.
როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული საწარმო, რომლის მფლობელიც ინდმეწარმე თეიმურაზ ნასყიდაშვილია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. თეიმურაზ ნასყიდაშვილის მარცვლეულის შესანახი მეურნეობა 6000 ტონა მარცვლეულის შენახვას უზრუნველყოფს. საწარმოში, რომელიც 2017 წლის ივნისში ამოქმედდა, 7 ადამიანია დასაქმებული. მარცვლეულის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ინდმეწარმე თეიმურაზ ნასყიდაშვილი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 490 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან,390 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 100 000 აშშ დოლარი – საკუთარი ინვესტიცია.
2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო,ახალი საწარმოების შექმნის მიზნით, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე, უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 158 ახალი საწარმო. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებითი ბიძგი მისცა​.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, „ერთიან აგროპროექტს“ ახორციელებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები