ცესკო არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის პროცედურებს განმარტავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საინიციატივო ჯგუფებისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ, არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებელ პირობებს განმარტავს.
„პარტია, რომელიც რეგისტრირებული იყო 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისას (არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში) ან/და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.
პარტიამ, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში ან არ იყო რეგისტრირებული 2016 წლის პარლამენტის არჩევნების დღისთვის, ცესკოს განცხადებით უნდა მიმართოს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე და მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1-ლი აგვისტოსი, კვალიფიციურმა პარტიამ ცესკოს უნდა წარუდგინოს სულ ცოტა 1000, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა – სულ ცოტა 25 000 მხარდამჭერთა სია.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, მუნიციპალიტეტის მერობის/საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, მიმართავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, უნდა წარუდგინოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია (მხარდამჭერების საჭირო ხელმოწერათა რაოდენობა განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით არჩევნების დანიშვნის დღეს).
არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი იწყება არჩევნების დანიშვნისა და კენჭისყრის დღის ოფიციალურად გამოცხადებიდან. ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ საარჩევნო ადმინისტრაციას რეგისტრაციის მიზნით უნდა მიმართოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციამ – არაუგვიანეს მე-7 დღისა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც სურს არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელება, შესაბამისი წესით უნდა იყოს რეგისტრირებული კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს ერთი წლისა და მისი წესდება ითვალისწინებდეს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს საარჩევნო რეგისტრაციებით დაინტერესებულ მხარეებს გაითვალისწინონ კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები“- ნათვამია განცხადებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები