პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

 საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას. აღნიშნული რეგულაციების შემოღების აუცილებლობა ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რამაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა გარემოს.
როგორც ცნობილია, გარემო ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის ნარჩენებით ბინძურდება, განსაკუთრებით, ეს ეხება ერთჯერად პლასტიკის პარკებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ გამოიყენება. ამასთან, პლასტიკის პარკი ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებულ პროდუქტს წარმოდგენს, რომლის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთი მოქალაქე, საშუალოდ, წელიწადში 525 ერთჯერად პლასტიკის პარკს მოიხმარს, ხოლო მაგალითად, ირლანდიაში აღნიშნული საშუალო მაჩვენებელი არის 14 პლასტიკის პარკი, დანიასა და ფინეთში კი მხოლოდ 4. ვინაიდან პლასტიკის პარკების მოხმარება გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, მრავალმა ქვეყანამ გარკვეული რეგულაციები შეიმუშავა მათი მოხმარების შესამცირებლად. პლასტიკის პარკების მოხმარებაზე რეგულაციები არამხოლოდ განვითარებულ, არამედ, განვითარებად ქვეყნებშიც დაწესდა. ევროპის ბევრ ქვეყანაში დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები პლასტიკის პარკების გამოყენებასთან დაკავშირებით, ზოგიერთ ქვეყანაში სრულიად აკრძალულია პლასტიკის პარკების გამოყენება, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა მათი მოხმარება და შედეგად, ნეგატიური ზეწოლა გარემოზე. აღნიშნული გარემოებებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მომზადდა ,,ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, სადაც გათვალისწინებულია ტექნიკური რეგლამენტის მიღება, რომლითაც დაწესდება შეზღუდვები გარკვეული სისქის პლასტიკის პარკების ბრუნვაზე. პირველ ეტაპზე, 15 მიკრონზე ნაკლები პლასტიკის პარკების იმპორტი/წარმოება და რეალიზაცია აიკრძალება, დადგინდება ტექნიკური მოთხოვნები ბიოდეგრადირებადი პარკის შემადგენლობის მიმართაც.
აღნიშნულთან ერთად, მომზადდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა, რაც გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. რეგულაციების შემოღების თაობაზე, სამინისტროში წინასწარ გაიმართა კონსულტაციები საქართველოში პლასტიკის პარკების ძირითად მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, რეალიზატორებთან და მათი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, აღნიშნულ სფეროში რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით.
მეწარმეებს საკუთარი საქმიანობის ახალ რეგულაციებთან ადაპტაციისთვის გარკვეული ღონისძიებების გატარება დასჭირდებათ, სწორედ ამიტომ, კანონპროექტების ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2018 წლის განმავლობაში. ახალი რეგულაციების მიღების შედეგად, ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარება შემცირდება, ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ევროსტანდარტების შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკების ბრუნვა, რაც საბოლოოდ, მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურებას პლასტიკის ნარჩენებით და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები