მამუკა მდინარაძე: კონსტიტუციურ ცვლილებათა პროექტში ოპონენტების 70%-ზე მეტი მოთხოვნა გათვალისწინებულია

“ოპონენტებს აქვთ მოთხოვნები, თუმცა კონსენსუსზე რა შემთხვევაში წავლენ, ამაზე მათ პასუხი არ აქვთ და ეს არის გაგრძელება იმ ნეგატიური პიარკამპანიის, რაც ამ წლის დასაწყისში დაიწყო, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კომისიის მუშაობის დროს, მათ ოპონენტების მოთხოვნების 70%-ზე მეტი გაითვალისწინეს.

“ოპოზიცია ვერ ცემს პასუხს კითხვაზე, რა შემთხვევაში დაეთანხმება და მხარს დაუჭერს კონსტიტუციას. მათ აქვთ მოთხოვნები, თუმცა კონსენსუსზე რა შემთხვევაში წავლენ, ამაზე მათ პასუხი არ აქვთ და ეს არის გაგრძელება იმ ნეგატიური პიარკამპანიის, რაც ამ წლის დასაწყისში დაიწყო, მათ შორის, პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას და შემდგომ ამაზე ოპონენტების აყოლას სერიოზულად ვერ ვუპასუხებ, ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს, მათ შორის, საყოველთაო განხილვა, რაც ისტორიაში არ მომხდარა ჯერ, თავიდან დაიწყოს ყველაფერი და მერე იტყვიან, რამდენად დაეთანხმებიან კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს, ამას მე სერიოზულად ვერ ვუპასუხებ.

თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით დიალოგისთვის მზად. კომისიის მუშაობის დროს, ჩვენ გავითვალისწინეთ ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, ექსპერტების , შენიშვნების, რეკომენდაციების, მათი თხოვნების 70%-ზე მეტი. ქმედითი ნაბიჯები გადავდგით შეთანხმებისაკენ. მათი მხრიდან მსგავსი არაფერი ყოფილა”,-განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, კონსენსუსი არ ნიშნავს ოპონენტების მოთხოვნების უპირობო შესრულებას.

“დღეს ორი მოსმენით მიღებულია კონსტიტუციური პროექტი, რომელიც ნამდვილად ბევრად სჯობს მოქმედ კონსტიტუციას, რომელიც ავტოკრატიაზე და ერთ ადამიანზე იყო მორგებული. ამ პროცესის ჩაშლა არის წარმოუდგენელი. ამაზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება. არც კი განვიხილავთ ასეთ წინადადებებს, რომ ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და თავიდან დავიწყოთ საუბარი და მერე გვეტყვიან, რა უნდათ. როდესაც ჯანი ბუკიკიომ დააკონკრეტა, რომ ყველა მხარე უნდა იყოს კონსენსუსში ჩართული, პოლიტიკური ვალდებულებიდან გამომდინარე, ეს გაიგეს ისე, თითქოს კონსენსუსი უნდა იყოს მათი მოთხოვნების უპირობო შესრულება. ყველაფრის მიუხედავად, დღესაც მზად ვართ დიალოგისთვის”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები