საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა ევროპარლამენტს მოუწოდებენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, რეზოლუცია მიიღოს

საქართველოს, მოლდავეთის და უკრაინის პარლამენტები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ევროპის საბჭოს, სამ ასოცირებულ ქვეყანას, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა გაუხსნას.
საქართველოს პარლამენტის, მოლდავეთის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის ეს ამბიციური და შორსმჭვრეტელი განცხადება ძლიერი სიგნალი იქნება ამჟამად არსებულ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.
„ჩვენ, საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის პარლამენტები მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, მიიღოს რეზოლუცია, რომელიც პოლიტიკურ მხარდაჭერას ასახავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროპის საბჭოს, სამ ასოცირებულ ქვეყანას ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა გაუხსნას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის ეს ამბიციური და შორსმჭვრეტელი განცხადება ძლიერი სიგნალი იქნება ამჟამად არსებულ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და იქნება შთამაგონებელი ინსტრუმენტი ევროკავშირის სამივე ასოცირებული პარტნიორი ქვეყნის შემდგომი პროგრესისა და დემოკრატიული გარდაქმნის დაჩქარებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია არის სამი ასოცირებული პარტნიორი ქვეყნის მთავარი ვალდებულება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP), როგორც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მდგრადი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის ეფექტური და ძლიერი მექანიზმის მნიშვნელობის აღიარებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამმა ქვეყანამ – საქართველომ, მოლდავეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენი ერების ევროპულ მისწრაფებებს და ხაზს ვუსვამთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთმანეთისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის მიზანს.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებების მიმართ.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია არის სამი ასოცირებული პარტნიორი ქვეყნის მთავარი ვალდებულება და ვაღიარებთ, რომ დაახლოების პროცესი ქმნის ხელსაყრელ პირობებს ევროკავშირში საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ფუნქციური ინტეგრაციისთვის.
გვწამს, რომ ევროკავშირს აქვს ამბიცია, იყოს მყარი და სანდო პარტნიორი მისი აღმოსავლელი მეზობლებისთვის, საქართველოს, მოლოდავეთისა და უკრაინის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების, მათ შორის, რუსეთის ხისტი და რბილი ძალის გათვალისწინებით.
ამგვარად, გვწამს, რომ დეკლარაციაში, რომელიც 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იქნება მიღებული, საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, მათი ევროპული არჩევანისა და დღის წესრიგის ცალსახა მხარდაჭერა იქნება ასახული.
ვიხსენებთ რა ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების იმპლემენტაციას, რომელიც აცხადებს, რომ „ასოცირების ხელშეკრულებები არ წარმოადგენს ევროკავშირს, საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების საბოლოო მიზანს…“და რომ“ ….49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ, გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, თუ ისინი დაიცავენ დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანისა და უმცირესობების უფლებების შესახებ კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა და პრინციპებს, ასევე, უზრუნველყოფენ კანონის უზენაესობას.
შეგახსენებთ ევროკავშირსა და მოლდავეთის რესპუბლიკას, უკრაინასა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების პრეამბულას, სადაც დადასტურებულია, რომ სამივე ქვეყანა „ევროპული სახელმწიფოა“ და „აღიარებულია“ მათი „ევროპული მისწრაფებები“.
ხაზს ვუსვამთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების ამბიციური მიზნების ასახვის საჭიროებას ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამებში და კომისიის ხელშეწყობას, შემდგომში გააღრმავოს მხარდაჭერა, მათ შორის, ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს, მოლოდავეთისა და უკრაინის მონაწილეობის ხელშეწყობით.
გვწამს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე დემოკრატიის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები