იუსტიციის მინისტრმა სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება.
როგორც “კვირას” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 45-ე საზოგადოებრივი ცენტრი 5 ივლისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით, კოხნარის მოსახლეობასთან ერთად, მიმდებარე ბურნათის, წიფნარის, ქვემო და ზემო ხეთის, ნაკადულის, ჩომეთის და სხვა სოფლების 5 000-მდე მოსახლე ისარგებლებს.
ღონისძიებას ესწრებოდა ანტიგუა და ბარბუდას ინფორმაციის, ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის მინისტრი მელფორდ ნიკოლასი, რომელმაც კოხნარის მოსახლეობას და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა.
„მსურს, მივულოცო ყველას, ვინც არ იშურებს ძალისხმევას პროექტის განსახორციელებლად. დარწმუნებული ვარ, ხალხი, რომელიც ამ რეგიონში ცხოვრობს, განსაკუთრებით, სტუდენტები და ახალგაზრდები, მოხარული იქნება, ისარგებლოს საზოგადოებრივი ცენტრის სერვისებით“, – განაცხადა მან.
მელფორდ ნიკოლასმა საქართველოში მისი ვიზიტის მიზანზეც ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა და წვდომა ინტერნეტზე გამოწვევაა ანტიგუა და ბარბუდასათვის და საქართველოს მიღწევები, ამ კუთხით, მისთვის ძალიან საინტერესოა.
„საქართველოში ჩემი ვიზიტის მიზანია, ვისწავლოთ ის, რაც თქვენ გაკეთებული გაქვთ. ჩემთვის მშვენიერი შესაძლებლობაა, გავეცნო თქვენს სერვისებს. გუშინ ვესტუმრე თბილისის იუსტიციის სახლს და ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ ემსახურება სახელმწიფო ხალხს. დღეს კი ვნახე, როგორ აგრძელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამ პროგრამის დისტრიბუციას. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რომ დავაკვირდეთ და გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება,“ – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები