წინანდლის ფესტივალისთვის მზადება იწყება

წინანდალი, კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კერასთან ერთად, საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ცენტრი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, იწყება მზადება საერთაშორისო დონის მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის, რომელიც 2019 წლიდან ყოველწლიურად, აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წინანდლის ფესტივალს, რომელსაც სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად აფინანსებს, უმაღლესი დონის არტისტების შესრულებასთან ერთად, განათლების კომპონენტიც ექნება.
პროექტი „სილქ როუდ ჯგუფთან“ ერთად ხორციელდება, თანადაფინანსებას კი ტურიზმის ადმინისტრაცია ახორციელებს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ორგანიზებაში ჩართულნი არიან პროფესიონალები ევროპის ქვეყნებიდან, ასევე – ისრაელიდან, რომლებიც ამ ტიპის ყველაზე ცნობილ ფესტივალებს ევროპის მასშტაბით აკეთებენ.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ წინანდლის ფესტივალი, როგორც კახეთის რეგიონის, ისე საქართველოს მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები