მაშველებმა შავ ზღვაში 14 ადამიანი გადაარჩინეს – შტორმი 2 დღე გაგრძელდება
მაშველება შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ბათუმის აკვატორიაში, 14 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ორი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, უამინდობის გამო, შავ ზღვაში ხუთ ბალამდე შტორმი უკვე დაფიქსირდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც სამაშველო საგუშაგოებია განლაგებული წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, საშტორმე მდგომარეობა ორ დღეში მოიხსნება, რის შემდეგაც წითელს თეთრი ალმები ჩაანაცვლებს.
უწყების ინფორმაციით, მაშველები ზღვაში ამ დრომდე ეძებენ ორი დღის გაუჩინარებულ კობა ბაკურიძეს. მათი თქმით, ბაკურიძის ძებნის ოპერაციაში შს სამინისტროს ვერტმფრენიც არის ჩართული.