7 ივლისიდან, ავიაკომპანია „სერვისეარი“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს შეასრულებს
7 ივლისიდან, „სერვისეარი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენების განხორციელებას დაიწყებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებს „სააბის“ ტიპის 32-ადგილიანი საჰაერო ხომალდი მოემსახურება. ერთი გზის ბილეთის ღირებულება 90 ლარს შეადგენს. ფრენები, ოთხშაბათის გარდა, ყოველდღე შესრულდება. მგზავრები ბილეთების შეძენას ტურისტულ კომპანია „ვანილა სქაის“ თბილისისა და ბათუმის ოფისებში, აღნიშნული კომპანიის ვებ-გვერდზე (7 ივლისის 16:00 საათიდან) და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სალაროში შეძლებენ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, შიდა ტურიზმისა და ადგილობრივი რეისების განვითარების მიზნით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ განახორციელა მგზავრთა საჰაერო გადაყვანის ავიარეისების ორგანიზების და შესრულების მომსახურების შესყიდვა, ელექტრონული ტენდერის გზით. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად შპს „სერვისეარი”გამოვლინდა, რომელთანაც შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა.
შპს „სერვისეირი“ ამჟამად ნატახტრის აეროდრომიდან ფრენებს ქუთაისის, მესტიის და ამბროლაურის მიმართულებით უკვე ასრულებს.