ალექსანდრე ჯეჯელავა: იმედი მაქვს, მომავალ წელს, უფასო ფაკულტეტების რაოდენობა გაიზრდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების – ე.წ. უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ უფასო ფაკულტეტები ზოგჯერ, ცუდი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მისადგომი გახდა, რაც მინისტრის შეფასებით, სამწუხაროა.
როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, მისთვის სასურველია, თუ მეტი უფასო ფაკულტეტი იქნება.
“უკვე დავამტკიცე სია და ამ დღეებში გამოქვეყნდება. შარშანდელთან შედარებით, პრაქტიკულად, ცვლილებები არ არის. მე მინდა მეტი უფასო ფაკულტეტი იყოს, ოღონდ შესასვლელი ბარიერი უფრო მაღალი იყოს, რადგან, სამწუხაროდ, უფასო ფაკულტეტები ზოგჯერ გახდა მისადგომი არც ისე კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისა. ჩვენ გვინდა, უფასო სწავლება ხელმისაწვდომი იყოს ყველა კარგი მოსწავლისთვის.
მომავალ წელს, იმედი მაქვს, უფასო ფაკულტეტების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა შესასვლელი მოთხოვნა, ქულები რომლებიც დასჭირდებათ, ფასიან ფაკულტეტებზე უფრო მაღალი იქნება”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
უწყების ხელმძღვანელმა ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა.
”ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი კარგად მიდის, გეგმურად. რა თქმა უნდა, არიან დაგვიანებულებიც, ვინც ვერ მოხვდა გამოცდაზე, სტრესის გამო და სიცხის გამო, ტექნიკური ხარვეზებიც არის, თუმცა, ჩვეულებრივი ვითარებაა, როგორც მიმდინარეობს ხოლმე. შარშან პირველად შემოვიდა საკითხები კომპიუტერებზე და ძალიან დიდი სიახლე იყო ეს, უკმაყოფილებაც მოჰყვა. წელს შედარებით ნაკლებია ამაზე საუბარი, რადგან შეეჩვია ხალხი. მომავალ წლებშიც, ვფიქრობთ, ეს პროცესი თანდათან უფრო დაიხვეწება”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები