„ჯორჯიან მანგანეზი“ ახალი ქარხნისთვის დანადგარებს გერმანული კომპანიისგან შეიძენს – მხარეები კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებენ

შპს „ჯორჯიან მანგანეზსა“ და გერმანულ კომპანია „ოლ მინერალსის“ წარმომადგენლობას შორის უახლოეს პერიოდში ხელშეკრულება გაფორმდება. ამის შესახებ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა. კონტრაქტის თანახმად, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ გერმანული კომპანიისგან მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნისთვის ტექნიკა-დანადგარებს შეიძენს. შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა ახალი ქარხნის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი გამამდიდრებელი ქარხანა ჭიათურაში ეკოლოგიურ პრობლემებს გადაჭრის და მდინარე ყვირილას დაბინძურების მაჩვენებელს მინიმუმამდე შეამცირებს.
„ჩამოვიდა გერმანული კომპანიის, „ოლ მინერალსის“ წარმომადგენელი. ჩვენ სწორედ ამ კომპანიისგან შევიძენთ ტექნიკა-დანადგარებს ახალი ქარხნისთვის, რომლის აშენებასაც ვგეგმავთ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, მხოლოდ რამდენიმე იურიდიული დეტალია დარჩენილი და უახლოეს პერიოდში მოვაწერთ ხელს ამ კონტრაქტს. ხელმოწერის ცერემონია საკმაოდ მასშტაბური იქნება და მასში სხვა პირებთან ერთად, საელჩოების წარმომადგენლებიც იქნებიან მოწვეული. ინვესტიაცია არის საკმაოდ დიდი და ინვესტიციის გარდა, გადაიჭრება ის დიდი ეკოლოგიური პრობლემა, რაც არსებობდა. მადნის გამამდიდრებელი ქარხანა მარგანეცის 90-94%-ს იღებს მადნიდან და მდინარეში შლამების საერთო ჩაშვება მინიმუმამდე შემცირდება, გასუფთავდება მდინარე და გადაიჭრება ყველაზე მთავარი პრობლემა ჭიათურაში“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11 მაისს, ჭიათურის მაღაროების მუშაობის შედეგად, ქალაქში არსებული ეკოლოგიური ვითარების გამო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, სასამართლოს თანხმობით, კომპანიაში სპეციალური მმართველი შეიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები