ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს ლევან ჯუღელი უხელმძღვანელებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის პერსონალს ახალი დირექტორი – ლევან ჯუღელი წარუდგინეს. შეხვედრაზე ჰოსპიტალის განვითარების გეგმაზე და პერსონალის წინაშე მდგარ სირთულეებზე ისაუბრეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობამდე, ლევან ჯუღელი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებს ხელმძღვანელობდა. 2001-06 წლებში თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს უფროსი იყო, 2006-09 წწ. კლინიკა „სტანდარტ მედის“ დირექტორი, 2011-13 წწ. „ჰუმან დიაგნოსტიკ-ჯორჯიას“ მენეჯერი, 2013 წელს ქართულ-იაპონურ ერთობლივ სამედიცინო პროექტს ხელმძღვანელობდა. 1992-1993 წლებში, აფხაზეთის საომარი მოქმედებებისას, ლევან ჯუღელი ხელმძღვანელობდა სოხუმის N2 საავადმყოფოს, უზრუნველყოფდა დაჭრილი და ავადმყოფი სამხედრო მოსამსახურეების ევაკუაციას. 2004 წელს, ცხინვალის რეგიონში დაწყებული საბრძოლო მოქმედებების დროს, პასუხისმგებელი იყო სამხედროების სრულ სამედიცინო უზრუნველყოფაზე. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო: საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით მინიჭებული მედალი – „მხედრული მამაცობისათვის“, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მადლობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის საპატიო სიგელი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურის საპატიო სიგელი და საფრანგეთის არმიის სამედიცინო სარდლობის მადლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები