„როცა ქვეყანაში არსებობს ორი მარინე, ორივე გიორგის ასული და ორივე ფერაძე!..“

სოციალურ ქსელში კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის წერილი ვრცელდება. იგი ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და მხარდამჭერის, მოსახელე ჯემალ სეფიაშვილის ფეისბუქსტატუსს – „რატომ მალავენ ივანიშვილის ავადმყოფობას?” საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს სტატუსი, გაკვირვებით და  წყენითაც, კომპოზიტორის ნააზრევად აღიქვა. სწორედ ეს გახდა კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის საჯარო გამოხმაურების მიზეზი.
აი, ეს წერილიც:
.მივმართავ ჩემს ახლობლებს, მეგობრებს, ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემლებს!
„თავისუფალი ზონის” საიტზე tzona.org გამოქვეყნდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და მხარდამჭერის, ჩემივე მოსახელის, ჯემალ სეფიაშვილის ფეისბუქსტატუსი – „რატომ მალავენ ივანიშვილის ავადმყოფობას?”
ეს წერილი, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებმა „აიტაცეს” და ამ გზით გავრცელდა სოციალურ ქსელშიც, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გაკვირვებით და ზოგმა წყენითაც, ჩემს ნააზრევად აღიქვა. სწორედ ეს გაკვირვება და წყენა გახდა მიზეზი ჩემი საჯარო გამოხმაურებისა, თორემ ისე, რა მრჯიდა – რამდენი ჯემალ სეფიაშვილი დაიბადება და საკუთარ ნააზრევს სახალხოდ გამოხატავს, სად ვდიო ყველა მათგანს?!
დიახ, სწორედ ეს გაკვირვება და წყენა გახდა მიზეზი ჩემი იძულებისა,  განვაცხადო კატეგორიულად:
„ნაციონალების” მხარდამჭერი მოქალაქის, ჩემივე მოსახელის, ჯემალ სეფიაშვილის ფეისბუქსტატუსის შინაარსი არა მხოლოდ მიუღებელია ჩემთვის, არამედ ის აშკარად ეწინააღმდეგება ჩემს დამოკიდებულებას, მათ შორის, პირადსაც, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან!
კატეგორიულად ვემიჯნები „ნაციონალების” მხარდამჭერი მოქალაქის, ჩემივე მოსახელის, ჯემალ სეფიაშვილის წერილის შინაარსს და იუმორნარევი შეხსენებით დაგამშვიდებთ: “რას ვიზამთ, როცა ქვეყანაში არსებობს ორი მარინე, ორივე გიორგის ასული და ორივე ფერაძე”!..
მადლობა ღმერთს, მე მთელი ჩემი ცხოვრებითა და შემოქმედებით ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავარ! ეს იცის საქართველომ და ეს იცით თითოეულმა თქვენგანმა!

სიყვარულით, ერთგულებით,
კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი.

წყარო: „რეპორტიორი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები