იუსტიციის სამინისტროს წარმატებულ რეფორმებს ანტიგუა და ბარბუდას დელეგაცია ეცნობა

იუსტიციის მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა ანტიგუა და ბარბუდას ინფორმაციის, ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის მინისტრს ქართული რეფორმები გააცნეს. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა წულუკიანმა, გოჩა ლორთქიფანიძემ, მიხეილ სარჯველაძემ და გიორგი პატარიძემ მელფორდ ნიკოლასს სახელმწიფო სერვისების სფეროში საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს. მათ სტუმარს იმ ნაბიჯების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რამაც სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, საქართველოს წარმატება განაპირობა. საუბარი შეეხო მიწის კადასტრის საკითხებსაც.
სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის მხრივ, საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით. სერვისების ხელმისაწვდომობას დიდ ქალაქებში იუსტიციის სახლები, რაიონულ ცენტრებში კი საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფენ. რაც შეეხება პატარა სოფლებს, მათთვის იუსტიციის სამინისტროსა და „ლიბერთი ბანკის“ ერთობლივი პროექტი − „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ფილიალები ფუნქციონირებს, რომლებიც მოსახლეობას სწრაფად და კომფორტულად აწვდიან სახელმწიფო სერვისებს.
საქართველოში სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომია ელექტრონულადაც. მოქალაქის პორტალი MY.GOV.GE. რიგით მოქალაქესა თუ ბიზნესის წარმომადგენელს 70-ზე მეტ საჯარო ინფორმაციას და მომსახურებას 408 უწყებიდან დისტანციურად აწვდის. ელექტრონული სერვისებით სარგებლობა 24/7 რეჟიმშია შესაძლებელი (24 საათი, კვირაში 7 დღე). იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების გარდა, პორტალზე ხელმისაწვდომია შს სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, განათლების სამინისტროს სერვისები.
იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ანტიგუა და ბარბუდას ინფორმაციის, ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის მინისტრი იუსტიციის სახლს და ეროვნული არქივის პავილიონსაც ესტუმრება, რომელიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაკეთდა − აქამდე ეროვნულ არქივს არასდროს ჰქონია საკუთარი საგამოფენო სივრცე. შეხვედრები დაგეგმილია სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრში, მონაცემთა გაცვლის სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები