საქართველოს მთავრობა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ ანგარიშებს მოამზადებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) ახალ ინიციატივას იწყებენ. პროექტის – „მე-4 ეროვნული შეტყობინება და მე-2 განახლებული ორწლიური ანგარიშის მომზადება“ შესახებ შეთანხმებას ხელი მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ნილს სკოტმა მოაწერეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ოთხწლიანი (2017-2021) ინიციატივა, რომლის ბიუჯეტი 850 ათას აშშ დოლარს აღემატება, საქართველოში კლიმატის ცვლილების გამოვლინებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და სათბური აირის ემისიების ინვენტარიზაციას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა მოამზადებს ანგარიშებს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ, რომელიც ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო შეთანხმებაა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ ძალისხმევაში.
საქართველო გაეროს ჩარჩო კონვენციას კლიმატის ცვლილების შესახებ 1994 წელს შეუერთდა, ხოლო 2015 წელს ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას.
„ეს საერთაშორისო დოკუმენტები ავალდებულებს საქართველოს, გაატაროს კლიმატის ცვლილების შერბილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, მათ შორის, შეამციროს სათბური აირის გაფრქვევა 15 პროცენტით. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) მხარს უჭერენ საქართველოს ამ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, კლიმატის ცვლილების მონიტორინგში და შესაბამისი ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში, რაც, საბოლოო ჯამში, დაეხმარება ქვეყნის გადასვლას მწვანე განვითარების გზაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები