„ხელისუფლებას მოსთხოვეთ დროული გამოძიება, მოთხოვნა ზარალის ანაზღაურების შესახებ, იაფფასიანი პოპულიზმია“

“როდესაც პროკურატურა არ ან ვერ იძიებს გახშირებული ხანძრების მიზეზებს, მოთხოვნა შეთქმულების თეორიების მიმართ იზრდება და დროთა განმავლობაში, მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხს იძენს”, – ამის შესახებ ეკონომისტი აკაკი ცომაია “ელიავას ბაზრობის” ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის თაობაზე წერს.
როგორც ცომაია აღნიშნავს, საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა ხელისუფლებას უნდა მოსთხოვონ დროული გამოძიება და სამართლებრივი სახელმწიფოს შენება. ეკონომისტის შეფასებით, მოთხოვნა ზარალის ანაზღაურების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა იაფფასიანი პოპულიზმი.
„როგორც კი ხანძარი ჩნდება სადმე, ყველა პოლიტიკური პარტია (მემარჯვენე თუ მემარცხენე) მოითხოვს სახელმწიფოს მიერ ზარალის ანაზღაურებასა და ბანკებთან შუამდგომლობას. ხელისუფლება სადაზღვევო კომპანიაა? ანუ, თუ ხელისუფლებაში მოხვალთ, ანალოგიურ სიტუაციაში სადაზღვევო კომპანიის ფუნქციას შეასრულებთ? ეს არის თქვენი პროგრამა? ასე აპირებთ სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას?
მოიჯარესა და მეიჯარეს შორის ურთიერთობა განისაზღვრება კონტრაქტით, რომლის მიხედვითაც რეგულირდება ფორსმაჟორული სიტუაციები. თუ მოიჯარე იღებს ვალდებულებას, რომ მეიჯარეს შესთავაზოს უსაფრთხო პირობები, მოიჯარე ვალდებულია, მეიჯარეს აუნაზღაუროს ზარალი, ხოლო თუ მეიჯარისთვის წინასწარ არის ცნობილი, რომ ასეთ სიტუაციებში ზარალის ანაზღაურება მოუწევს თავად მას, აკეთებს არჩევანს, იმოქმედოს უფრო მაღალი რისკის ფასად და მიიღოს მეტი მოგება, თუ დააზღვიოს ქონება. ხელშეკრულების მიხედვით, ამ ორიდან ერთ-ერთი იკვეთება.
წარმოიდგინეთ, რომ არსებობს თავისუფალი საარბიტრაჟო სასამართლოები, სადაც აღნიშნულ საკითხებს სწავლობენ სწრაფად და აღსრულების მექანიზმიც არის სწრაფი და არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას გამოიძიებს პროკურატურა. თუ დადგინდა, რომ ხანძარი გაჩნდა მეიჯარის დაუდევრობით, მასზე გავრცელდება შესაბამისი კანონმდებლობა.
როდესაც პროკურატურა არ ან ვერ იძიებს გახშირებული ხანძრების მიზეზებს, მოთხოვნა შეთქმულების თეორიების მიმართ იზრდება და დროთა განმავლობაში, იძენს მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხს – სამართლებრივი სახელმწიფოს შენება არის ეს და არა ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა. ხელისუფლებას მოსთხოვეთ დროული გამოძიება და სამართლებრივი სახელმწიფოს შენება, თორემ თქვენი მოთხოვნა ზარალის ანაზღაურების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა იაფფასიანი პოპულიზმი“, -წერს აკაკი ცომაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები