წავკისში წლის ბოლომდე 14 ქუჩა მოეწყობა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მის მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან და მთაწმინდის რაიონის გამგებელ გელა არჩვაძესთან ერთად, წავკისში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
თბილისის მერი იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე, 5 600 კვ. მეტრზე, ასფალტის ახალი საფარი დაიგო და მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, სადაც პროექტის ფარგლებში, 187 გრძივი მეტრი სანიაღვრე კიუვეტი მოეწყო. დავით ნარმანიამ, გიგა ნიკოლეიშვილმა და გელა არჩვაძემ გურამიშვილისა და ამაღლების ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერეს. გურამიშვილის ქუჩაზე, 2 430 კვ. მეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა 315 გრძივი მეტრი სანიაღვრე კიუვეტი. ამაღლების ქუჩაზე კი 5 022 კვ. მეტრზე განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. დედაქალაქის მერის თქმით, თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
„ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება თბილისს შემოერთებული ტერიტორიების მოწესრიგების შესახებ შესრულებულია. ამისათვის რამდენიმე დასახლებაში გზები პარალელურ რეჟიმში კეთდება და ეწყობა სანიაღვრე სისტემა. ინფრასტრუქტურა იქნება უფრო გამართული და ეს დასახლებები საცხოვრებლად გაცილებით უფრო მიმზიდველი გახდება,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. მიმდინარე წლის ბოლომდე, წავკისში კაპიტალურად კიდევ 14 ქუჩა გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები