იმიტირებული პროცესის მონაწილე გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ფინალური რაუნდი გაიმართა. სპეციალურმა ჟიურიმ, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა სტუდენტების გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.
როგორც ,,კვირას“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ფინალისტებს სხვადასხვა სახის პრიზი გადაეცათ. პროექტის საუკეთესო მონაწილე სტაჟირებას იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში დაიწყებს.
გამარჯვებული გუნდი სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის საერთაშორისო რაუნდის შესარჩევ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. საკონკურსოდ მომზადებაში სტუდენტებს იუსტიციის სამინისტრო დაეხმარება, საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის შემთხვევაში კი მათი მონაწილეობის ხარჯებს „ELSA საქართველო” დაფარავს.
გოჩა ლორთქიფანიძის გარდა ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი.
კონკურსის მიზანი ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიანობით მომავალი იურისტების დაინტერესებაა.
იუსტიციის სამინისტრომ კონკურსი 1 მაისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის სურვილი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 40-მა გუნდმა გამოთქვა, რაც ჯამში, 120 სტუდენტს შეადგენდა.
1 ივლისს თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამართული ნახევარფინალური რაუნდის შედეგად ჟიურიმ 2 ძლიერი ფინალისტი გუნდი გამოავლინა; დღეს კი მათგან საუკეთესო გამოვლინდა.
პროექტი იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და „ELSA საქართველოს” ინიციატივით ხორციელდება და ის ყოველწლიურად განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები