შსს აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისთვის მიდგომას ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ გაამკაცრებს

2017 წლის 1 ივლისიდან, სამართლებრივი რეჟიმი აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის არ შეიცვლება.  ეს მიდგომა მხოლოდ ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ გამკაცრდება.
ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც უწყებაში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ექსპლუატაციის წესების დარღვევა) დადგენილი მოთხოვნების შემოწმებას და მასზე რეაგირებას  იმ შემთხვევაში ახორციელებს თუ დარღვევა ვიზუალურად აშკარაა და ვიზუალური დაკვირვების შედეგად გაუმართაობისგან საფრთხის წარმოშობის მაღალი ალბათობა სახეზეა. აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ტექდათვალიერებას და ასეთი სატრანსპორტო საშუალება აღნიშნულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
„ გამართული ტექდათვალიერების სისტემის გარეშე, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა აღსრულების სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ მექანიზმს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, გარდა ზემოაღნიშნული ორი შემთხვევისა (ვიზუალური დაკვირვების შედეგად გაუმართაობით გამოწვეული აშკარა საფრთხე და სავალდებულო ტექდათვალიერებას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ მოთხოვნების დარღვევა) არ განახორციელებს 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და შესაბამისად, არ მოხდება ამ მძღოლებისათვის ქულების შემცირება“, -აცხადებენ შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აირბალონიანი მოწყობილობების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს მოუწოდებს, რომ  სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული სისტემების შემოწმება და შესაბამისი სერტიფიკატების აღება, იმ წესით მოახდინონ, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით არის დადგენილი, რადგან ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ, ამ სფეროში ადმინისტრირება გამკაცრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები