დღეიდან, ფასის ლარში მითითება სავალდებულო გახდა

დღეიდან, მეწარმე ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ეროვნულ ვალუტაში მიუთითოს. ცვლილებები რეკლამისა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს. საკანონმდებლო ცვლილება მისი მიღებიდან 6 თვის შემდეგ, 1 ივლისს ამოქმედდა. ექვსთვიანი პერიოდი მეწარმეებს მარკეტინგული აქტივობების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიეცათ.
საკანონმდებლო სიახლის მიზანი საქონლის რეალიზაციის ან მომსახურების რეკლამირებისას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა. საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის ლარით დადების წესის დარღვევაზე, ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, წინადადების მიმცემის ან რეკლამის დამკვეთის მიერ ცვლილებით გათვალისწინებული წესის დარღვევა, პირველ შემთხვევაში, გამოიწვევს მეწარმის გაფრთხილებას, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა 1000 ლარით განისაზღვრა. ამ წესით დადგენილი პირობების ყოველი მომდევნო დარღვევისას, მეწარმე სუბიექტი 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
ლარით სავალდებულო ფასდადების მოთხოვნა მეწარმე სუბიექტებს შეეხება. ამასთან, მზადდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტი იმ საგამონაკლისო შემთხვევებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას, ფასის გამოხატვა, შესაძლებელი იქნება უცხოურ ვალუტაში.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, შემოსავლების სამსახურის უფროსის, გიორგი თაბუაშვილის თქმით, ამ ხნის განმავლობაში, მომხმარებელს ექნება საშუალება, ისარგებლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრით 2 299299, უბნის საგადასახადო ოფიცრებისა და საგადასახადო მრჩევლის „პრივეს“ მომსახურებით. მეწარმეებს გაეგზავნებათ როგორც სატელეფონო, ასევე, ელექტრონული შეტყობინებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები