შსს: ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედებამდე, ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს ქულების შემცირება არ შეეხებათ

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ბუნებრივი აირის სისტემაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლას შეეხება, განმარტებებს აკეთებს და განცხადებას ავრცელებს.
როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ 1 ივლისიდან ბუნებრივი აირის სისტემაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით შემოწმება გამკაცრდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
„კვირა“ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გავაკეთოთ განმარტება მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ბუნებრივი აირის სისტემაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლას შეეხება. გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მიმდინარე წლის 1 ივლისიდან აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით შემოწმება გამკაცრდება და შედეგად, ქულების შემცირება გავრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილში, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს, არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა.
ასევე, არ შეცვლილა საპატრულო პოლიციის აქამდე არსებული მიდგომა ბუნებრივი აირის სისტემის მქონე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით.
ვიდრე არ ამოქმედდება ტექდათვალიერების სისტემა და არ დადგინდება სტანდარტები ამ სფეროში, ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ისარგებლებენ ისეთივე სამართლებრივი რეჟიმით, როგორც ეს იყო 2017 წლის 1 ივლისამდე და მათ ქულების შემცირება არ შეეხებათ.
გამონაკლისია იმ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რომელთა ავტომობილები ექვემდებარებიან სავალდებულო ტექდათვალიერებას. შესაბამისად, მათ შემოწმება და ქულათა შემცირება შეეხებათ“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები