მთავრობის ადმინისტრაცია კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებისგან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებისგან და დაელოდონ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დასრულებას.
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვინაიდან საუბარია კერძო სუბიექტებს შორის ურთიერთობაზე და ზარალის ანაზღაურებაც კერძო კომპანიის მოვალეობაა, აღნიშნული მოთხოვნის ადრესატი სახელმწიფო ვერ იქნება.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ საფინანსო კომპანია „საქართველოს” დაზარალებული მეანაბრეების საპროტესტო აქციას:
უპირველეს ყოვლისა, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უწყებებმა შესაბამისი რეაგირება განახორციელეს. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ბრალდებით, შპს საფინანსო კომპანია „საქართველოს” დირექტორი და მმართველი დააკავა.
პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს მითვისებისა და გაფლანგვის მუხლით და აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
შესაბამისად, სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნის ადრესატი სახელმწიფო ვერ იქნება, ვინაიდან საუბარია კერძო სუბიექტებს შორის ურთიერთობაზე და ზარალის ანაზღაურებაც კერძო კომპანიის მოვალეობაა.
გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა მოქალაქეები არაერთხელ გააფრთხილა შესაძლო რისკების შესახებ და მოუწოდა მათ, მეტი სიფრთხილით მოჰკიდებოდნენ ეროვნული ბანკის მიერ არარეგულირებად ინსტიტუტებში საკუთარი სახსრების განთავსებას, ხოლო რისკის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ მოეძიებინათ ინფორმაცია აღნიშნული კომპანიების საქმიანობისა და გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, აღნიშნულ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებენ მათი კომპეტენციის ფარგლებში. გვსურს, მოვუწოდოთ დაზარალებულ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებისგან და დაელოდონ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დასრულებას“, -ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები