შსს-მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში ახალციხეში იმიტირებული ქალაქი მოაწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულზე, მოქალაქეებს იმიტირებულ უსაფრთხო ქალაქში – „ეს ჩემი ქალაქია“ უმასპინძლა.
იმიტირებულ ქალაქში შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის კუთვნილი ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა იყო წარმოდგენილი. გამოფენის გარდა, ბავშვებსა და მოზრდილებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ:
შსს-ს აკადემიამ ღონისძიებაზე ანიმაციური გმირი „პოლი“ წარმოადგინა, რომელმაც უსაფრთხო ქალაქის სტუმრებს მეგზურობა გაუწია. აკადემიის ვირტუალურ ტირში მისულ მოქალაქეებს კი საშუალება ჰქონდათ, ინსტრუქტორის დახმარებით, რამდენიმე წუთით, პოლიციელის როლი მოერგოთ.
შსს-ს მომსახურების სააგენტომ პატარებისთვის შემეცნებით-გასართობი კუთხე მოაწყო, სადაც სააგენტოს თანამშრომლებმა, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარეს. სტუმრებმა მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა დაათვალიერეს. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში დათა ქაჯაია მათ შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაზე ესაუბრა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახალისო შემეცნებით-გასართობ კუთხეში პატარებს საშუალება ჰქონდათ, სახანძრო ავტომანქანა დაეთვალიერებინათ და გასაბერ სასრიალო ბატუტზე ესრიალათ. მათ უსაფრთხოებაზე კი შსს-ს მეხანძრე-მაშველები ზრუნავდნენ.
შსს-ს „112“-ის დეპარტამენტმა წარმოადგინა ინოვაციური საბავშვო პროექტი – „112-ის კოსმოსური ხომალდი“, სადაც მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.
შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა დაცვის პოლიციის საგამოფენო კუთხეში, ბავშვებს საინტერესო სათავგადასავლო თამაშები, სიმბოლური საჩუქრები და სიურპრიზები დაახვედრა. დაცვის პოლიციამ „დაცულ ქუჩაზე“ ინკასაციის და ოპერატიული რეაგირების სპეცავტომობილები, ასევე, ეკოლოგიური ტრანსპორტი წარმოადგინა.
საპატრულო პოლიციამ საგამოფენო სივრცეში პატრულ-ინსპექტორის აღჭურვილობა და საპატრულო პოლიციის ტრანსპორტი: „ფორდ-ინტერსეპტორი“, საპატრულო პიკაპები, მოტოციკლები და „სეგვეი“ განათავსა.
სასაზღვრო პოლიციამ კი სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების ტრანსპორტისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ საზღვრის დაცვის კვადროციკლები, სანაპირო დაცვის მყვინთავის აღჭურვილობა, სააბორდაჟო აღჭურვილობა, ქიმიური და რადიაციული ნივთიერებების დეტექტორები, ინდივიდუალური ფანარი, რადიაციის იდენტიფიკატორი, ღამის ხედვის ხელსაწყო, ადგილმდებარეობის განსაზღვრის სისტემა, ფოტოხაფანგი და ასტრონომიული ბინოკლი.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგამოფენო სივრცეში განთავსებული იყო სპეციალური აღჭურვილობა და საბრძოლო ჯავშანტექნიკა: „კობრა“, „მგელი“, „დეფენდერი“.
იმიტირებული ქალაქის საზღვრებს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები იცავდნენ, ხოლო სტუმრების უსაფრთხოებასა და წესრიგზე პატრულ-ინსპექტორები ზრუნავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები