საქართველოს მთავარი პროკურორი ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (OLAF) ხელმძღვანელს ჯოვანი კესლერს შეხვდა. მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილეები მამუკა ვასაძე, გიორგი გოგაძე და ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ესწრებოდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის მიმდინარეობისას, OLAF-ის ხელმძღვანელი საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციური მექანიზმით დაინტერესდა, რომელიც მომავალში ევროკავშირის ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს საქართველოში, რაც ევროკავშირის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის სისტემის არსებობას გულისხმობს.
აღნიშნულის პასუხად, მთავარმა პროკურორმა სტუმრებს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის სისტემისა და ხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით უწყების როლისა და ფუნქციების შესახებ მიაწოდა. დამატებით აღინიშნა, რომ საქართველოს პროკურატურას მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს თაღლითობისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში და იგი უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსაც შეეხო და ხაზი გაესვა პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მისი გაღრმავების მზადყოფნა გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები