სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ელისაბეთ ფონ კაპელერს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს აღმოსავლეთ ევროპასთან და ევრაზიასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსს, ელისაბეთ ფონ კაპელერს შეხვდა.
როგორც ,,კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კერესელიძემ შეხვედრაზე საქართველო-შვეიცარიას შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრა. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის შვეიცარიის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემის შექმნა, რომელიც შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.
მინისტრის მოადგილემ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში „რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობით მიღებული მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ანალოგიური მხარდაჭერის ინიცირების განხილვა. საუბარი შეეხო დანიისა და შვეიცარიის მთავრობების ერთობლივ პროგრამას – „სოფლის მეურნეობის განვითარებასაც“. შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპასთან და ევრაზიასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ელისაბეთ ფონ კაპელერი ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების საკითხებით და ამ მიმართულებით სახელმწიფოს ხედვით დაინტერესდა.
ნოდარ კერესელიძემ მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაზე და ამ გეგმით გათვალისწინებულ განათლების განვითარების პრიორიტეტულობაზე ისაუბრა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია და ამ მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს. სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების მიხედვით, იდენტიფიცირებულია დეფიციტური და მოთხოვნადი სპეციალობები, პარალელურად, ხორციელდება პროფესიული სასწავლებლების განვითარება, რაშიც ჩართულია როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორი. ნოდარ კერესელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მკაფიოდ განსაზღვრული აქვს ხედვა, სადაც განათლება განვითარების საფუძველია. მინისტრის პირველმა მოადგილემ ქვეყნის მასშტაბით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების ფუნქციონირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა ფერმერებისა და მეწარმეებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ ისეთ დახმარებებზეც მიიღეს ინფორმაცია, როგორებიცაა შეღავათიან ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა და აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა. ელისაბეთ ფონ კაპელერმა ნოდარ კერესელიძეს მადლობა გადაუხადა ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და შვეიცარიას აგრარული დარგის განვითარების საკითხებში აქვთ ძალიან კარგი თანამშრომლობის გამოცდილება. აღმოსავლეთ ევროპასთან და ევრაზიასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, შვეიცარიის მხარისთვის საქართველოსთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელება კვლავ პრიორიტეტულად რჩება.
თანამშრომლობის ფარგლებში, მნიშვნელოვანი იქნება შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება პროფესიული განათლების მიმართულებით, სადაც არსებითია როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნის მიღება. შეხვედრას შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი ოლივიე ბურკი, ევრაზიის ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბარბარა ბიონი, რეგიონული ხელმძღვანელის მოადგილე სიმონე ჰაბერლი, საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელი ბექა თაგაური და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხატია წილოსანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები