ლაშა აბაშიძემ პეკინის ქუჩაზე წყალსადენის ქსელის დაზიანების ადგილი დაათვალიერა

თბილისის მერის მოადგილემ, ლაშა აბაშიძემ პეკინის ქუჩაზე სამუშაოების წარმოებისას წყალსადენის მაგისტრალური ქსელის დაზიანების ადგილი საბურთალოს რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაათვალიერა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ქსელის აღდგენასთან დაკავშირებით ოპერატიული დავალებები მისცა. მისი თქმით, პრობლემების აღმოსაფხვრელად აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და პეკინის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთს წყალმომარაგება უახლოეს 12 საათში აღუდგება.
„პეკინის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაზიანდა წყალმომარაგების მილი. მილის დაბზარვამ და გასკდომამ გამოიწვია წყლის გამოსვლა, რომლის შედეგად დაიტბორა მიმდებარედ არსებული 3 მაღაზიის სარდაფი. დაზიანებული მილი და პეკინის ქუჩის წყალმომარაგება არაუმეტეს 12 საათში აღდგება. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი. რაც შეეხება დაზიანებულ მაღაზიებს, ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ იმას, რომ მიყენებული ზიანი მაღაზიების მეპატრონეებს სრულად აუნაზღაურდეთ,“ – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
საბურთალოს ქუჩის და პეკინის გამზირის კვეთაზე, პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, სანიაღვრე სისტემაზე სამუშაოების წარმოებისას, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის 400 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი დაზიანდა. შედეგად მიმდებარედ არსებული 3 მაღაზიის სარდაფი დაიტბორა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან სწრაფი რეაგირება მოხდა, დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
პეკინის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები