პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის – „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა, ლიტვის რესპუბლიკისა და უნგრეთის ელჩებმა მიმართეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირმა, ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსთან და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც საქართველოს დაეხმარება, გააძლიეროს ტყის მართვის სისტემა, ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით.
პროექტი „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში” 18 თვის განმავლობაში განხორციელდება. იგი ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმის პროცესს და თავის წვლილს შეიტანს ქვეყანაში ტყის მართვის ეფექტური და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებაში.
შეხვედრას პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები